05/05/2024
Latest:
საზოგადოება

ქიბარ ხალვაში: „ბაევიკები“ სააკაშვილის და ბოკერიას კონტროლირებადი არასამთავრობოებით ჩაანაცვლეს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რუსთავი2–თან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bfm.ge უცვლელად გთავაზობთ:

რუსთავი 2–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან, რომლებიცგადატრიალებაში მხილების შემდეგ,ისევ ცდილობენ რუსთავი 2–ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.

სამწუხაროა, რომ რუსთავი 2–ის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცია გაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას.

არაუშავს. რუსთავი 2–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება.  საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება. საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის  მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის, რეალურად სიტყვის თავისუფლების და საკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონების თუ ორგანიზაციების წევრობაზე.

როგორ შეიძლება სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული რუსთავი 2–ის საზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისი არსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნაციონალების სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ნიშნავს?!

როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – რუსთავი 2–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი,ნაციონალურიმოძრაობისგან დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობისგან წლების განმავლობაში.

ეს არის მთავარი, როცა რუსთავი 2–ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.

სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე რუსთავი 2-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული ბოევიკები, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.

P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება“ და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია“.

ქიბარ ხალვაში