საზოგადოება

„ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას – „უფრო ეკონომიური“ ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია“

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სამხედრო სავალდებული სამსახურის აღდგენის შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე ვრცელი წერილით პასუხობს.

„თავდაცვის მინისტრმა დღეს აღადგინა სახმედრო სავალდებულო სამსახური შეიარაღებულ ძალებში.

ყველაზე მთავარი:

1. ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას – „უფრო ეკონომიური“ ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია;

2. ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის „უფრო ეკონომიური“, აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის.

3. გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს ჩვენში:

– ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა;

– ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე;

– ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული, და შესაბამისად სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს;

– ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას, დაგეგმოს მისი მომავალი;

– ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს / საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;

– ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას, და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს;

სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს:

— „ტოტალური თავდაცვა“ ახსენა დღეს მინისტრმა. ტოტალური თავდაცვა ასევე, ტოტალურად გაზრდილ თავდაცვის ბიუჯეტს ნიშნავს (შეგახსენებთ მინისტრმა იზორიამ მინისტრობა 5-მილიონიანი კლებით დაიწყო. ეს მისი სულ პირველი ნაბიჯი იყო);

— თუ ბიუჯეტს ვერ ზრდი, იმ თანხით რომლიც გაქვს პროფესიული ხიშტი უნდა გაამრავლო და ყველა სხვა ხარჯს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო;

— თუ გაწვევის აღდგენას გეგმავ, 12 ლარიდან 50 ლარამდე გაგიზრდით ანაზღაურებასო კი არ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გააცნო როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს.

ეს 2016 წლის საქართველოა:

>> ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია — თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად;

>> ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ — თქვენ აიძულებთ მათ უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის, და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ;

>> სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან, — თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას;

>> ჯარში სუიციდი, თვითკვლელობის მცდელობა მაღალია, და ის ექსკლუზიურად წვევამდელებშია მაღალი. ამას მიზეზი აქვს. თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ამ მიზეზებზე, არ დაინახოთ, არავის მოუსმინოთ. ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას იმედი მაქვს არა.

>> თქვენ ატყუებთ საზოგადოებას რომ 2-3 თვეში შესაძლებელია სრულყოფილი სამხედრო მომზადება, რომლის შედეგადაც ქვეყანა მიიღებს სრულფასოვან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი პასუხის შემძლე სამხედროს;

>> თქვენ ფლანგავთ ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს გაწვევის სისტემის შენარჩუნებით;

>> თქვენ უკლავთ დასაქმების პერსპექტივას იმ ახალგაზრდებს ვისაც ჯარში მსახური საკუთარი განვითარების, კარიერის, ქვეყნის სამსახურის მთავარ ამოცანად აქვთ დასახული;

>> თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ;

>> სამშენებლო კომპანია ტომრების ზიდვაში, დაცვაში დგომისთვის ხელფასს იხდის, სახელმწიფო არა! სახელი თავად დაარქვით!

>> დღეს 7 ნოემბერია, მოსახლეობაზე უპრეცედენტო ძალადობის მორიგი წლისთავი. ძალადობა მხოლოდ მასობრივი ცემით არ ხდება!

უფრო კონკრეტულად, დღეს ნათქვამზე:

1. არ არის სწორი, აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჩემს ჯინაზე გააკეთა. სამწუხაროდ ის და დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ასე სჯერათ და გულწრფელი არიან ამ გადაწვეტილებაში. სწორედ ეს არის პრობლემაც.

2. სამი რამ გვითხრა მინისტრმა: კვირაობით სახლში გავუშვებთო, 50 ლარამდე გავზრდით ანაზღაურებასო და სრულ სამხედრო მომზადებას გაივლიანო.

ეს კი ნიშნავს, რომ

2.1. მსახურების ადგილსა — საცხოვრებელს შორის მანძილის შესაბამისად, 50 ლარი სავარაუდოდ გზის ფულადაც არ არის საკმარისი, თუკი ყოველ შაბათ-კვირას სახლში ივლიან ახალგაზრები;

2.2. საუბარი იმაზე რომ უფრო ეკონომიურია გაწვევა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), იქვე დასრულდა, სრული სამხედრო მომზადება ნიშნავს რომ ხარჯებიც გაიზრდება;

2.3. თავისთავად გაწვევის არსებობა რომ უფრო ეკონომიურია ქვეყნისთვის, ხაზგასმით და ცალსახად მხოლოდ იმიტომ შეიძლება იძახონ, რომ ხელფასს არ უხდით ახალგაზრდებს შრომაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს მათგან“ , – წერს ხიდაშელი.