17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რა იყო ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის მიზანი

 

ქართულ ბაზარზე “სოკარის” ინტერესებს პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ლობირებს

გასულ კვირას საქართველოს, ფრიად საპატივცემულო სტუმარი ეწვია, თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება იყო. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ “გაზპრომთან” გამართულმა მოლაპარაკებამ ბაქოს საფიქრალი გაუჩინა. ბოლო დღეებში ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთთან ვიზიტს ძალიან მოუხშირეს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მტკიცებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში “სოკარი” ახორციელებს.

“ჩვენ, ალბათ, უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით თურქეთში გატანისა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი პროექტი. ეს იყო ძირითადი თემები, “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება. ის მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს “გაზპრომთან” მიმართებაში, ეს მოლაპარაკებები ხორციელდებოდა ყოველწლიურად, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, მანამდეც, შევარდნაძის დროსაც, გრძელდება დღესაც და ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ იმ მილსადენიდან, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით გადის სომხეთის მიმართულებით, იცით, რომ ვიღებთ 10%-ის მოცულობის გაზს ტრანზიტის საფასურად. ეს ხელშეკრულება ფორმდება ყოველწლიურად და დღეს ჩვენ გვაქვს ვადა დეკემბრამდე, რომ ანალოგიურად 1 წლით კიდევ გავაგრძელოთ ეს ხელშეკრულება”

– განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ აზერბაიჯანს აქვს საკმარისი გაზი, ხომ არ გულისხმობდა კომერციულ გაზს, კალაძემ აღნიშნა, რომ კომერციულ გაზზე არ იყო საუბარი.

მართალია, საქართველოს მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ალიევის ვიზიტი “გაზპრომის” თემას არ უკავშირდება, მაგრამ თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაზის საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია. “ეს ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ დავაკმაყოფილოთ მეზობლებიც და ევროპაც”, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოხარულია, რომ ორ ქვეყანას არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობა. “ჩვენ მეგობრები ვართ, ძმები ვართ და დღევანდელი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა ჩვენი სამომავლო ურთიერთობების დინამიკური განვითარებისთვის წარმართული ნაბიჯია”, – განაცხადა ალიევმა, რომელმაც ხაზი გასუვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ეკონომიკურ სფეროში ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აქვს.

“გვინდა, რომ სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ორმხრივი ინტერესები არის ერთმანეთის მიმართ – აზერბაიჯანი აბანდებს ინვესტიციებს საქართველოში და საქართველოც ახორციელებს კაპიტალდაბანდებას აზერბაიჯანში. ორივე ქვეყნაში არის ძალიან კარგი ატმოსფერო და ამინდი შექმნილი ინვესტიციებისთვის”

– დასძინა ალიევმა.

აზერბაიჯანული მედია საქართველოს ხელისუფლებასა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებებს “შეთქმულებას” უწოდებს, თუმცა თავად აღიარებენ, რომ ბაქოც მართავს მოლაპარაკებას “გაზპრომთან” გაზის შესყიდვის თაობაზე. “სოკარში” აცხადებენ, რომ კომპანია რუსულ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის შეძენა-გაყიდვაზე სპოტ-შეთანხმების გაფორმების მიზნით.

“აზერბაიჯანს საკმარისი გაზი აქვს, თუმცა დგება დამატებითი მოცულობების აუცილებლობა. ბოლო პერიოდში “გაზპრომი” გადავიდა სპოტ-ვაჭრობაზე (ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ფულით). “გაზპრომთან” თანამშრომლობა დამოკიდებულია საფასო წინადადებებზე, რომლებიც ორივე მხარეს აძლევს ხელს”, – აცხადებს “სოკარის” წყარო, რომელსაც აზერბაიჯანული საიტი Apa.az არ ასახელებს.

ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “გაზპრომმა” აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში მიწოდების საშუალო მოცულობა 6 მილიონი კუბური მეტრია. მიწოდების შესახებ კონტრაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით გაფორმდა გაგრძელების შესაძლებლობით. მოგვიანებით კი, დაზუსტდა, რომ რუსულ ენერგოგიგანტს აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება ჯერჯერობით არ დაუწყია.