ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი საუკუნის მშენებლობაა

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, – განაცხადა ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულმა ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM -ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც  ანაკლიის პორტს საუკუნის მშენებლობას უწოდებს.

ღრმაწყლოვან პორტს თიბისი ჯგუფი ამერიკულ Conti International-თან ერთად ააშენებს, რომლის წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.

პროექტი ჯამში 2,5 მილიარდის ღირებულებისაა და რამდენიმე ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზის დაფინანსებაში რეგიონში მომუშავე ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთვება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში კი, 9 თვეში იქნება მზად. პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება. 3 წელიწადში კი, პორტს 7 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობა უნდა ჰქონდეს.

თავისი მასშტაბით და ამბიციებით ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ პირებს, არამედ მთელს რეგიონს“,

– ამბობს ცნობილი ბიზნესმენი და აღნიშნავს,რომ მათ შეძლეს, წარედგინათ საუკეთესო წინადადება ანაკლიის პორტისა და მის მიმდებარედ, თავისუფალი ეკონომიკურ-ინდუსტრიული ზონის მშენებლობა-განვითარებაზე.

ხაზარაძის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო, მათ შორის ჩინურ კომპანიებთან. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, პროექტში მსოფლიოს წამყვან ათეულში შემავალი ოპერატორები ჩაერთვებიან.

 

Gbc.ge