რა შედეგებს მოიტანს ეკონომიკაში ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება
გასულ კვირას ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, გააუქმოს ირანისთვის სავიზო რეჟიმი. მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინარული პასპორტის მფლობელებს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ვიზის გარეშე 45 დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობა შეეძლებათ. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, ოფიციალური ნოტის სახით, 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ირანის ელჩს გადასცა.
ამით ხელისუფლებამ სცადა გამოასწოროს 2,5 წლის წინ დაშვებული შეცდომა, როცა მთავარი რეფორმები სწორედ ამ რეჟიმის შეზღუდვით დაიწყო. მაშინ, როცა მსოფლიო ირანის მიმართ სანქციების შემსუბუქებასა და გაუქმებაზე მსჯელობდა, საქართველომ ირანთან ეკონომიკური სტარტის შედეგები დაკარგა.
საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც, სხვა თემებთან ერთად, ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტების ზრდას: თუ 2010 წელს ირანიდან საქართველოში, დაახლოებით, 21 300 ადამიანი, ხოლო 2011 წელს 60 000-მდე ადამიანი შემოვიდა, 2012 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 89 000-ს მიაღწია. 2013 წლის ივლისიდან ცალმხრივად გაუქმდა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რასაც ირანიდან საქართველოში ვიზიტების შემცირება მოჰყვა 2013 წელს არსებული 85 700-დან 47 900-მდე, 2015 წელს კი მხოლოდ 25 200 ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში.
ირანის ელჩის მოადგილე საქართველოში აცხადებს, რომ თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არ არის. ექსპერტების ინფორმაციით კი, ირანიდან ყველაზე მეტი ტურისტი 2012 წელს შემოვიდა – თითქმის, 90 ათასი. 2014 წლიდან მათი რაოდენობა ჯერ განახევრდა, შარშან კი მხოლოდ 25 264-მა ირანელმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების გააქტიურებას ელოდებიან. პალატაში ასევე საქართველოში მსხვილი ირანული საინვესტიციო პროექტების დაწყებას ვარაუდობენ. ექსპერტები სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურების პროგნოზებს აკეთებენ.
მედიასთან საუბარში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის საქართველოს მოაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში.
ჯერჯერობით მხოლოდ პროგნოზირება შეიძლება იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მსოფლიომ ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ამ გადაწყვეტილებამ უკვე პოვა ასახვა მსოფლიო ბაზარზე და, ნაწილობრივ, საქართველოზეც: პირველ რიგში, ნავთობის ფასებმა გააგრძელა შემცირება. ამას გარდა, ირანი აქტიურად ეძებს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს. ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი ნავთობკომპანია “ტოტალი” ირანისგან დღეში 160 000 ბარელი ნავთობის იმპორტს მოახდენს. ამასთან, ირანმა მიიღო გადაწყვეტილება, დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, თავის ახლად შეძენილ პარტნიორებს ნავთობი ევროში მიჰყიდოს. შედეგად, ირანისა და ევროპული ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის და ევროპული კომპანიები უკვე ირანში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის წამოწყებასაც გეგმავენ.
ელენე ციგრიაშვილი