პროკურორმა შვილისთვის გამოყოფილი თანხა მერიას უკან დაუბრუნა
ისან-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ლეონიდ გერგედავამ თბილისის მერიას, სწავლის მიზნით, მისი შვილის პარიზში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებისთვის გამოყოფი თანხა უკან დაუბრუნა.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გერგედავამ განმარტება “ინტერპრესნიუსთან” საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ მერიის მიერ გამოყოფილი თანხის დასაბრუნებლად ბანკიდან სესხი აიღო.
“მინდა განმარტება გავაკეთო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ.
ჩემმა შვილმა თამარ გერგედავამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები “სორბონას უნივერსიტეტში” ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. რადგან აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლა არ ფინანსდებოდა უნივერსიტეტის მიერ და დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ჩემი ოჯახი კი ვერ შეწვდებოდა საფასურის გადახდას, სასწავლებლად ვერ წავიდა. 2015 წლის ივლისში თამარმა იმავე უნივერსიტეტში ფრანგულენოვან ფაკულტეტზე ჩააბარა, რაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშრებული ფრანგულენოვანი პროგრამის გამო.
ჩემი შვილი პროფესიით იურისტია და ვიდრე “სორბონას უნივერსიტეტიდან “პასუხი მოვიდოდა, მან საკუთარი სურვილით, ისე რომ ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს, ტესტირება გაიარა თბილისის მერიაში – 60 ქულიდან 58 ქულა მიიღო და იურიდიულ სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, დადებითი პასუხი მოვიდა უნივერსიტეტიდან და დღის წესრიგში მისი საფრანგეთში გამგზავრება დადგა. ჩემმა ოჯახმა გარკვეული თანხის მობილიზება მოახდინა, ხოლო ნაწილის მოძიებაში კი მისმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. თამარმა მე და დედამისს გვითხრა, რომ სამსახური უფინანსებდა საფრანგეთში გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილს. მე ჩავთვალე, რომ თბილისის მერიას ჰქონდა გარკვეული სახის პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. ამის გამო არ დავინტერესებულვარ თბილისის მერია რა ფორმით და რა დოკუმენტაციით მოახდენდა საკუთარი თანამშრომლის დაფინანსებას. რა თქმა უნდა, რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, რადგან მეც და ყველა ვინც მე მიცნობს ზუსტად ვიცით რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი ტკივილი. არაერთხელ მქონია მათთან შეხება და პირადად საკუთარ თავზეც გამომიცდია, თუ რას ნიშნავს გაჭირვებისა და პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანი. დამიჯერეთ, არასდროს დავუშვებდი ასეთ რამეს. ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა უმძიმესი წუთები, ვყოფილვარ რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა დახმარების სათხოვნელად არასდროს არცერთი უწყებისთვის არ მიმიმართავს – მეგობრების გარდა არავინ შემიწუხებია. მას შემდეგ, რაც ჩემთვის ტელევიზიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი დაფინანსდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და ვინაიდან აღნიშნული სტატუსი არ შეესაბამება სიმართლეს, მივიღე გადაწყვეტილება, ბანკიდან გამოვიტანე სესხი და აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე დავაბრუნე”, – განაცხადა პროკურორმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში 5 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს აქვეყნებს.
თბილისის მერიის მიერ გერგედავას შვილის სწავლის მიზნით პარიზში ცხოვრების დასაფინანსებლად 5 400 ლარის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ გაავრცელა.