თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მშენებლობა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის მიმდინარეობაზე „საპარტნიორო ფონდში“ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd.-ის მაღალი რანგის დელეგაციის წევრები და კომპანიის დირექტორის დევიდ ვიდანი ესწრებოდა.
ქარხნის მშენებლობის დაწყება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება.
ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ზუსტდება ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, მათ შორის კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან და თბილისის მერიასთან.
ასევე გადამწყვეტ ფაზაშია შესული ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურები.
განიხილება 85 მილიონიან პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობაც.
ფონდის ცნობით, შეხვედრაზე პროექტის მართვის მიზნით, “საპარტნიორო ფონდის” და Elbit Systems – Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა JSC Aerostructure Technologies Cylone-მა (ATC) წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად კომპანიას დაწყებული აქვს სპეციალისტების შერჩევის პროცესი, რომელთა ნაწილი ტრენინგს ისრაელში გაივლის. ქარხანაში დასაქმდება 300-მდე სპეციალისტი, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 60 კადრი.
შეგახსენებთ, “საპარტნიორო ფონდმა” ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.
ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები, რომელიც ცრულად ექსპორტზე გავა. მისი მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.
წყარო: GBC