საზოგადოება

რას ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები და თბილისის მერია. რას ითვალისწინებს ეს სტრატეგია და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო საგზაო უსაფრთხოების კუთხით?

საქართველოში გaზებზე სიკვდილიანობა ორჯერ მეტია ევროკავშირის ქვეყნების ზოგად მაჩვენებელზე. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რის გამოც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გახდა საჭირო. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განმარტა, ეს დოკუმენტი ჯერ უფრო ზოგად მიმართულებებს მოიცავს და მის დასახვეწად მუშაობაა საჭირო:

„პროექტის სტრატეგიული დოკუმენტი წარმოდგენილია, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დასახვეწია. ეს უფრო ძირითადი მიმართულებებია, ვიდრე გეგმა და ამ თვალსაზრისით სერიოზულ დახვეწას მოითხოვს“.

სტრატეგიაზე ერთდროულად რამდენიმე სამინისტრო იმუშავებს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთად სტრატეგიის დახვეწაში ჩართულები იქნებიან განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სტრატეგია სხვადასხვა საკითხს მოიცავს:

„თბილისში და მთელ საქართველოში მნიშვნელოვანია გატარდეს ღონისძიებები ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური, ცნობიერების ამაღლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით“.

„ინფრასტრუქტურა, მანქანა, ადამიანი“ – ამ სამი კომპონენტით აღწერს გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, გამოწვევას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას საგზაო უსაფრთხოების კუთხით. მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში გზების დაგეგმვის მეთოდოლოგია მოძველებულია და ის მანქანებზე უფროა გათვლილი, ვიდრე ადამიანებზე. ხოლო ამ პრობლემის გადასაჭრელად, მისი აზრით, უნდა არსებობდეს ერთი კომპეტენტური სამსახური, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს:

„პრობლემა ისა, რომ არ არსებობს წამყვანი ორგანიზაცია, ვინც ამაზე პასუხისმგებელი იქნება. ჩვენთან ეს ფუნქციები სხვადასხვა უწყებაზეა განაწილებული და ისიც ხშირად ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ არის. ამიტომაც, ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც თბილისში რაიმე პრობლემაა მოსაგვარებელი, ერთი უწყება პასუხისმგებლობის გადაბარებას სხვისთვის ცდილობს და ა.შ.“.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 5 წელიწადზეა გათვლილი. გზების უსაფრთხოებასთან ერთად მან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების პრობლემაც უნდა მოაგვაროს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ავტომობილების მზარდი რაოდენობის გამო რთულია ივარაუდო, რამდენად განიტვირთება ქალაქი, თუმცა, მისი თქმით, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების ასაშენებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაც: ახალი ავტობუსები თბილისში 2016 წელს უნდა შემოვიდეს.

radiotavisupleba.ge