17/05/2024
Latest:
საზოგადოება

რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ დავაში წაგების შიშით, მოწინააღმდეგე მხარე პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს

ამის თაობაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასამართლო სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რუსთავი 2“ – ის მხარის მიერ მოსამართლის აცილების მოთხოვნის კომენტირებისას სალიამ განაცხადა, რომ მიუხედავათ არაერთი ემოციური გამოსვლისა მან ვერ მოისმინა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

„პრაქტიკულად ყველა არგუმენტი, რაც ჩვენმა ოპონენტებმა აცილების საფუძვლად წარმოადგინეს, რამდენჯერმე აქვს სასამართლოს განხილული. ამდენად, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე და მსგავსი არგუმეტებით აპელირება, აჩენს ობიექტურ მოსაზრებას, რომ მხარე ასეთ ტაქტიკას პროცესის გაჭიანურებისა და სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად იყენებს.

პროცესზე დეტალურად ვისაუბრე, თუ რატომ მიგვაჩნია მოსამართლის აცილების მოთხოვნა ყოვლად უსაფუძვლოდ. თუ ვინმეს აინტერესებს, აქვს საშუალება ან სტენოგრამას გაეცნოს, ან რამდენადაც ვიცი, ტელე–ეთერითაც გადაიცა ჩვენი არგუმენტები, და იხილოს. მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო დარბაზში და განსაკუთრებით სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე პროცესი, ვგულისხმობ მხარდამჭერთა მობილიზების, სასამართლოსთან მისვლის და თავისუფალი სიტყვის დაცვის მოწოდების უპრეცედენტო კამპანიას, სცილდება ზღვარს და რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ დავაში წაგების შიშით, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – არცერთ ეტაპზე ჩვენი მხარისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, თუ რომელი მოსამართლე თუ მოსამართლეთა რომელი კოლეგია განიხილავდა „რუსთავი 2“–ის წილებთან დაკავშირებულ ჩვენს დავას და ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია. მაგრამ იმ პროცესების გათვალისწინებით, რის პროვოცირებასაც ახდენს მოპასუხე მხარე, სწორედაც მიმაჩნია, რომ სასამართლო და კონკრეტული მოსამართლე არ უნდა მოექცეს მართული პროცესების, უკანონო ქმედებების,ზეწოლის ქვეშ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ობიექტურ გარემოებებზე და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. სასამართლო დარბაზი ემოციებისთვის შეუფერებელი ადგილია”.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]