საზოგადოება

როგორ ემზადება სახელმწიფო და კერძო სექტორი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის

 

,,ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელს ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურისტების მოზიდვისთვის აქტიური კამპანია დაიწყო. თუკი აქამდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასდროს ყოფილა აქტიური საუბარი ტურიზმის ხელშეწყობაზე, წელს ამ კამპანიამ სერიოზული სახე მიიღო. დაიგეგმა სხვადასხვა ტურისტული ღონისძიებები, ტურისტების მოსაზიდად დაიწყო პროექტი  Check in Georgia, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო დონის მომღერლების ჩამოყვანა იგეგმება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი რუსეთ-თურქეთს შორის კონფლიქტმა და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ უკვე შესამჩნევად იმატა. განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან.

თუმცა, ჯერ ახლა იწყება ზაფხულის ტურისტული სეზონი, შესაბამისად ყველაფერი წინაა და აქტივობებიც ჯერ კიდევ საჭიროა, რათა წლევანდელი ზაფხული ერთ-ერთი წარმატებული გამოდგეს ტურისტული კუთხით.

აჭარაში, ზაფხულის ტურისტულ  სეზონზე სასტუმროების უმრავლესობა ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ივნისის მეორე კვირა, ბათუმში პროექტ  Check in Georgia-ს ფარგლებში  Maroon 5-ის კონცერტის პერიოდი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-8 ივნისს ბათუმში არსებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების უმრავლესობა გაყიდული ან დაჯავშნილია.  თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც არსებულ ბრენდულ სასტუმროებს ,,შერატონს”, ,,ჰილტონსა” და ,,რედისონს”, ასევე  ქალაქში არსებულ სხვა მაღალი თუ დაბალი კლასის სასტუმროებს. ქალაქში ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდებიან ჯაზ ფესტივალის განმავლობაშიც, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების მზარდ რაოდენობას განსაკუთრებით რეგიონის სამიზნე ქვეყნებიდან ელოდება, სადაც ისინი მარკეტინგული ხასიათის პიარ-კამპანიებს ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, აქტიურად მიმდინარეობდა პიარკამპანიები და ადგილობრივი მედიის მიერ ხდებოდა ქართული ტურისტული პოტენციალის გაშუქება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირება რუსეთში აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით, აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო, რასაც რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირსშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятница გადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს. გადაცემა „Планета вкусов“  მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით დასტურდება.

მინისტრის თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს, გაცილებით მეტ შემოსავალს ელოდება ტურიზმიდან.

“2015 წელს ტურიზმმა დააგენერირა მილიარდ ცხრას ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია. მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არა ერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები”,

– აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არა ერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიდეს და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი.

“მოგეხსენებათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. ივნისის თვეში, უკვე გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო მანამდე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში, რადგან საღამოს რვა საათიდან დილის ათ საათამდე ვიღებთ სტუმრებს. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიც არის Check in Georgia, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში”

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ზუსტი მესიჯები გაუგზავნა ტურიზმის სექტორს. მართალია, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასებს კოორდინაცია ხორციელდება ბაზრებზე თავისუფალ კერძო მეწარმეთა და თავისუფალ ინდივიდუალურ მომხმარებელთა ურთიერთქმედებით, თუმცა, როცა ქვეყანაში დარგის წინსვლა აღინიშნება არ შეიძლება სექტორმა მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკით იხელმძღვანელოს. ტურიზმი მომსახურების სფეროა და ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს უნდა შეექმნათ სტაბილურობის განცდა ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის რაც მოხდა განმუხურსა და ანაკლიის შემთხვევაში, როცა იქ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ,,კაზანტიპის” სახელითაა ცნობილი. მაშინ კერძო სექტორის მხრიდან შეთავაზებული ფასები საკმაოდ მაღალი იყო, როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბათუმში მდებარე საბაგიროთი მგზავრობის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. 1-ელი ივნისიდან საბაგიროთი მგზავრობა უფროსებისთვის 15 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის 5 ლარი გახდება. ბათუმის საბაგიროთი მგზავრობა გასულ წელს 5 ლარი ღირდა. “არგოს” ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას საბაგიროს მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდის მიზეზით ხსნის. თუმცა, რამდენადაა ეს ხარჯებით და არა საზაფხულო სეზონის ოპტიმისტური მოლოდინებით გამოწვეული, ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.

სწორედ, ასეთი სახის სიფრთხილისკენ მოუწოდა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, კერძო სექტორს, რომლის გათვალისწინებით და სწორი პიარ–კამპანების, ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში აქვს საქართველოში ტურიზმის სექტორს იმის პოტენციალი, რომ ქვეყნის ერთ–ერთი მოწინავე და შემოსავლიანი დარგი გახდეს, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.

ავტორი: ბაჩო ჯინჭარაძე