04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ზაფხულის ტურისტული სეზონი სპეციალური ღონისძიებით გაიხსნება

28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს სპეციალური ღონისძიებით გახსნის. ერთღიანი ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარის ახლად რეაბილიტირებულ ხეივნებში მასშტაბური კონცერტი და გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება. ღონისძიებას „შუა ქალაქშის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი წაიყვანენ. დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობებში, მასტერკლასებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანის გართობასა და დასვენებაზეა გათვლილი.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.

სპეციალურად სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის აჭარაში ყველაზე ვიზიტირებადი ადგილები იქნება უფასო. 28 მაისისთვის, მსურველებს საშუალება ექნებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღს, გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებული მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ. სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი -იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი). სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. ღონისძიება  11:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.