18/05/2024
Latest:
საზოგადოება

როგორ შევიქმნათ ბედნიერი გარემო სამსახურში

როგორი ბედნიერიც გარემოც არ უნდა გქონდეთ სამსახურში, ხუთდღიანი სამუშაო დღე მაინც სტრესულია და თქვენს განწყობაზეც შესაბამისად აისახება. იმისათვის, რომ ყოველდღიურმა სტრესმა ნაკლებად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე, www.BFM.Ge! რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობთ.

მეტი ღიმილი!
ერთ მარტივ და უბრალო ღიმილს მთლიანი დღის შეცვლა შეუძლია! გარდა იმისა, რომ ის თქვენს ტვინს იმპულსურად „ატყუებს“ და „აგრძნობინებს“, რომ ბედნიერია, თქვენი ღიმილი სხვა ადამიანების განწყობაზეც მოქმედებს. ის ხომ საუკეთესო „სამკაულია“?! თანაც, არ არსებობს ღიმილი, რომელიც უკან არ ბრუნდება!

დაალაგეთ სამუშაო მაგიდა
ამისთვის სულ რაღაც 15 წუთია საჭირო. შედეგი კი იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სამუშაო მაგიდის დასუფთავება გონებასაც დაგილაგებთ და ყველაფერი ისე ქაოსურად აღარ მოგეჩვენებათ.

შეათავსეთ დასვენებისა და მუშაობის დრო
თუ 25 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობთ, 10-15 წუთი შეისვენეთ და გააკეთეთ ის, რაც განტვირთვაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება სხვა ოთახში კოლეგებთან „გასეირნება“, აივანზე გასვლა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა ან, უბრალოდ, დროებით გონების ყველაფრისგან გათიშვა იყოს. ასე გაცილებით უფრო პროდუქტიულად შეასრულებთ ყოველ მომდევნო დავალებას და თავსაც ნაკლებად დასტრესილად და დაღლილად იგრძნობთ.

ისეირნეთ!
სამსახურიდან გასვლისთანავე ტრანსპორტში ნუ ჩაჯდებით. ცოტა გაისეირნეთ და, ასე ვთქვათ, თვალები გაახილეთ! შედეგს თავადვე და პირველივე ცდისას იგრძნობთ.

ესაუბრეთ კოლეგებს
უკეთესი იქნება, თუ ეს ახალი თანამშრომელი იქნება. მასთან რამდენიმეწუთიანი საუბარიც კი დადებითი ემოციებით დაგტვირთავთ და ენერგიას შეგმატებთ. ეს, ზოგადად, ახალი ადამიანების გაცნობის თანმდევი პროცესია. თავს კიდევ უფრო კარგად იგრძნობთ, თუ ამ ახალ კოლეგას შიდა სამზარეულოში გაარკვევთ და მარტივი ამოცანების გადაჭრაში დაეხმარებით. ზოგადად, კეთილგანწყობა ორივე მხარეს ეხმარება, უფრო ბედნიერი იყოს.

შეადგინეთ მიღწევების სია
ჩამოწერეთ კარიერული მიღწევების სია. დეტალურად გაიხსენეთ, რამდენი დავალება გაქვთ წარმატებით შესრულებული, რამდენი კომპლიმენტი გაქვთ მიღებული და რამდენ რამეს აკეთებთ ისე, როგორც სხვა ვერ გააკეთებდა. საკუთარ წარმატებაზე ფიქრი თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ და პოზიტივით აგავსებთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ, რაც კიდევ უფრო მეტად პროდუქტიულს გაგხდით.

შეადგინეთ მიზნების სია
უკვე მიღწეულთან ერთად, მისაღწევი მიზნების სიაც ჩამოწერეთ. ჩამონათვალი ორად გაყავით – ერთ მხარეს მოკლევადიანი ამოცანები დაწერეთ, მეორე მხარეს კი – გრძელვადიანი. გამოიკარით ეს სია კედელზე და დღეში ერთხელ მაინც გადაავლეთ თვალი, ოღონდ – გააზრებულად.

მოაგვარეთ პრობლემა
არ არსებობს თანამშრომელი, რომელსაც ერთი პრობლემა მაინც არ აწუხებს. რა თქმა უნდა, გააჩნია სიმძაფრეს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, უკეთესია, თუ ამ პრობლემაზე ჯერ თქვენთვის ყველაზე სანდო კოლეგას დაელაპარაკებით, შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოძებნით მისი გადაჭრის გზას. შესაძლოა, უბრალოდ უფროსთან საუბარიც კი წარმოუდგენლად პოზიტიური და კარგი შედეგის მქონე აღმოჩნდეს. ასე რომ, პრობლემებს ნუ შეუშინდებით – ისინი უნდა გადაიჭრას!

შეიქმენით სასიამოვნო გარემო
ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ კომპიუტერის თქვენებურად „მორთვა“ და ეკრანზე საყვარელი ფოტოს დაყენებაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ! კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ კედელზეც საკუთარ კუთხეს მოიწყობთ და თავს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნით.

წყარო: okmagazine