03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

როგორ ვითარდება აფხაზეთის ეკონომიკა

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სოციალური გარემო

ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, აფხაზეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური წინსვლის კუთხით, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მოსახლეობა კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წინსვლასაც, ძირითადად, არა აფხაზური ეკონომიკა, არამედ რუსეთიდან შემომავალი ფინანსური სახსრები განაპირობებდა.

2005-2013 წლებში “დახმარებამ” 17 მლრდ რუბლს გადააჭარბა (იმდროინდელი კურსით 500 მლნ დოლარი). ეს ნაკადები განსაკუთრებით 2010-2013 წლებში შეინიშნებოდა და 11.9 მლრდ რუბლი (340 მლნ დოლარი) შეადგინა.

2014-2016 წლებში რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “დახმარებას” 3 მლრდ რუბლი უნდა შეედგინა, თუმცა, შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზი მოსახლეობის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის გადაწყვეტილება: 2014 წელს – 6.7 მლრდ რუბლამდე; 2015 წელს – 10.7 მლრდ რუბლამდე. თუმცა, თავად აფხაზეთის მოსახლეობა და ადგილობრივი ჩინოვნიკებიც კი აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხების მხოლოდ უმნიშვნელო წილი თუ აღწევს მათთან, რაც რუბლის გაუფასურების პირობებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ. შესაბამისად ვერ სრულდება ვერც რუსეთის მხრიდან დაპირებული საინვესტიციო პროექტები და ვერც ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული რუსული თანადახმარების გეგმა.

საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნული თანხების უდიდესი ნაწილი სესხის სახეს ატარებს და რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგანაც ამ თანხების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება და მთლიანად მასზე ხდება დამოკიდებული, უფრო მეტად ვიდრე დღეს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი დიდწილად რუსული დახმარებით ივსება: 2011 წელს მან 3.875 მლრდ რუბლი (დაახლოებით 114 მლნ დოლარი) შეადგინა, საიდანაც 1.935 მლნ რუსული (60 მლნ დოლარი) დახმარება გახლდათ (ცნობისთვის, საქართველოს ბიუჯეტი 2011 წელს – 3.6 მლრდ დოლარი). 2015 წელს ბიუჯეტმა კი უკვე 11.8 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა (ბიუჯეტის 2/3 რუსული დახმარებაა), რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა 2011 წელთან შედარებით, თუმცა, რუბლის გაუფასურების გამო აშშ დოლარში გამოსახული საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება – 180 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს ბიუჯეტი 2015 წელს დაახლოებით – 4.2 მლრდ აშშ დოლარი).

დე-ფაქტო რეგიონში, მათივე მონაცემებით, საშუალო ხელფასი 2014 წელს, დაახლოებით, 10 000 რუბლს (150 დოლარს) შეადგენს (საქართველოში კი პერიოდში – დაახლოებით 340 დოლარი, საქსტატი). საბაზისო პენსია აფხაზეთში 20 დოლარის ფარგლებშია, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას ერთვის შემდეგი დანამატები: ე.წ. “სამამულო ომში” მონაწილეთა – თითქმის 100 დოლარი; ე,წ, “სამამულო ომში” დაღუპულთა ოჯახების – 130 დოლარის ფარგლებში; I, II და III ჯგუფის ინვალიდების – დაახლოებით 150 დოლარი; 1992-1993 წლების ომში დაინვალიდებულთა – დაახლოებით 160 დოლარი. დამატებით, აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს (აწ უკვე, გარდა ქართველებისა) რუსული პასპორტები გააჩნიათ (დაახლოებით 30 000 ადამიანი), რომლითაც დღეისთვის ყოველთვიურად საშუალოდ 150 დოლარის მიღებაა შესაძლებელი.

250 ათასიან რეგიონში, სადაც შრომისუნარიანად მიჩნეულია 142 ათასი ადამიანი, დასაქმებულთა რაოდენობა 40 ათასს არ აღემატება, საიდანაც 26 ათასი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული (აფხაზური მონაცემებით). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, უმუშევრობის დონე აფხაზეთში – 70%-მდეა!

ზემოხსენებული მაკროეკონომიკური ფაქტორები ნათლად მიგვანიშნებს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. რუბლის გაუფასურების ელემენტმა კი მათ კეთლდღეობა კიდევ უფრო შეასუსტა.

 

ტურიზმი, როგორც აფხაზური ეკონომიკის წარმმართველი ძალა

 

აფხაზი ექსპერტების აზრით, აფხაზეთის ეკონომიკის ლოკომოტივი ტურიზმია, რომელიც თითქმის მთლიანად წლის მესამე კვარტალში ფორმირდება. რუსული და აფხაზური საინფორმაციო წყაროების თანახმად, აფხაზეთს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, კერძოდ 2013 წელს ნაკადმა 3.3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2014 წელს კი 4 მილიონამდე, – რაც ასეთი მცირე ტერიტორიისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია (რეალობა რომ იყოს!), ცნობისათვის, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თანახმად, 2013 წელს ქვეყანას 4.4 მილიონი, ხოლო 2014 წელს 5.5 მლნ ტურისტი ესტუმრა (რაც ასევე ეჭვს იწვევს შესაბამისი დარგის ექსპერტებში).

სინამდვილეში ტურიზმი, სხვა სფეროების უფრო მეტად ჩამორჩენილობის ფონზე, მართლაც ეკონომიკის გამწევი ძალაა აფხაზეთისთვის, თუმცა, მას მრავალი მინუსიც აქვს: სეზონურობა, პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა, რუსი ტურისტების დაბალი ფინანსური შესაძლებლობებისა და აფხაზეთში მაღალი ფასების დისბალანსი და ა.შ. რომელიც აფხაზური ეკონომიკის საკმაოდ მყიფე რეალობას განაპირობებს.

დამატებით, აფხაზური ტურიზმის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ჩავარდნის ალბათობას მომდევნო წლებში შეიძლება განაპირობებდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მიერთების ფაქტორი. მოგეხსენებათ, ისიც აფხაზეთის მსგავსად, ტურიზმზე ორიენტირებული რეგიონია და ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის მთავრობა პირდაპირ თუ ირიბად ეცდება არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ უკვე ყირიმის “დატვირთვასაც”, რაც “ექსტრემალური დასვენების” მოყვარულთა ახალ გადანაწილებას გამოიწვევს.

 

საგარეო ვაჭრობის ძირითადი მახასიათებლები

 

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აფხაზეთის საგარეო სავაჭრო ბალანსიც, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე, როგორც პროცენტულ, ასევე აბსოლუტურ მაჩვენებლებში. ე.წ. აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის მონაცემებით 2014 წელს აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის – 20 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა (დაახლოებით 550 მლნ დოლარი), რაც წინა წლის მაჩვენებელს მთელი 1.5 მილიარდი რუბლით ანუ 9.6%-ით აღემატება. მათ შორის:

  • ექსპორტი – 2.9 მლრდ რუბლი (6.1%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით);
  • იმპორტი – 17 მლრდ რუბლი (10.2%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით).

2001 წელს ნაჩვენები, სულ რაღაც 919 მლნ რუბლი სავაჭრო ბრუნვის კოლოსალური – 20-ჯერადი ზრდის მიუხედავად, აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობიდან ნათლად ჩანს, რომ ის მომხმარებლური ტიპის ეკონომიკადაა ჩამოყალიბებული: 2014 წელს იმპორტი 6-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს.

უფრო დეტალური დაკვირვებისას ნათელია ხდება, რომ აფხაზური ექსპორტი, ძირითადად, აგროსამრეწველო კომპლექსის ხარჯზე ფუნქციონირებს (88%), მცირეა გადამამუშავებელი სექტორის წილი (12%). აფხაზური ექსპორტის 3/5 ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბიზნესს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ იაფფასიანი მოლდავური და რუსული ღვინომასალებისგან და სპირტისგან მზადდება. ციტრუსების ექსპორტს, რომლითაც აფხაზეთი დღემდე განთქმულია, მთლიანი ექსპორტის 22% უჭირავს. ამ ორ ძირითად სავაჭრო პროდუქტს 5%-ანი მაჩვენებლით მეთევზეობა და 3-3%-იანი მაჩვენებლებით ქვიშის, ქვანახშირის და ჯართის ექსპორტი მოსდევს, თუმცა, აფხაზეთში ეს რესურსები მილევადია და სავარაუდოდ, მომდევნო წლების ექსპორტში კიდევ უფრო მცირე წონას დაიკავებენ, მით უმეტეს, რომ სოჭში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით დასრულებულია და სამშენებლო მასალების მოთხოვნაც მინიმუმამდეა დასული.

რაც შეეხება აფხაზეთში იმპორტირებულ პროდუქციას, ის ბევრად მრავალფეროვანია და შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: კვების პროდუქტები (19%), საწვავი და საპოხი მასალები (16%), სამშენებლო მასალები (16%), ავტოსატრანსპორტო საშუალებები (11%), მანქანა-დანადგარები (9%) და სხვა.

ე.წ. აფხაზეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (62%) და თურქეთი (14%). ამასთან რუსეთთან გაჭრილია როგორც სახმელეთო (საავტომობილო და რკინიგზის), ასევე საზღვაო გზები, ხოლო თურქეთთან მხოლოდ საზღვაო. რაც შეეხება აფხაზური ექსპორტის გასაღების ბაზრებს, ესენია: რუსეთი (85%) და თურქეთი (15%). მართალია, ზემომოცემული რიცხვები არ ასახავს ზუსტ რეალობას, კორუფციისა და იატაქვეშა ეკონომიკის ზემაღალი მაჩვენებლების ფონზე, თუმცა, მიახლოებით სურათს იძლევა.

 

გალის რაიონი, როგორც ეკონომიკური ჰაბი

 

ზემომოცემულ სტატისტიკაში არსად არ არის გათვალისწინებული ქართულ-აფხაზური – ტრანს-ინგურული სავაჭრო ურთიერთობები, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გალის რაიონი და მისი მოსახლეობაა. აღნიშნული კვლევა ბტირანული ორგანიზაციის Iნტერნატიონალ Aლერტ-ის მიერ გახლავთ მომზადებული და მასში როგორც ქართველი, ასევე აფხაზი მკვლევარები მონაწილეობდნენ, რაც ამ ნაშრომის ღირებულებას ზრდის.

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებით, ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან ითვლება უკანონოდ (უსაფრთხოების მიზნით), ყველა სავაჭრო პროდუქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან გადადის აფხაზეთში – ითვლება კონტრაბანდად.

 

თავის მხრივ, არც საქართველოს აქვს გარკვეული ასეთი ტიპის ურთიერთობის ცალსახად განმსაზღვრელი კანონიერი ჩარჩოები: ერთის მხრივ, საქონლის გადაადგილება დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში, ითვლება შიდა საქონელბრუნვად, ხოლო, მეორე მხრივ, 2008 წელს მიღებული “კანონი ოკუპირებული რეგიონების შესახებ”, ყველა სახის ეკონომიკურ ურთიერთობას, მათ შორის, სავაჭროს აფხაზეთის ტერიტორიაზე – მიიჩნევს უკანონოდ (თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისებიც).

ექსპერტთა დაკვირვებებით, ქართულ-აფხაზური ვაჭრობა მდინარე ენგურზე არსებული 1 ოფიციალური (მთავარი ხიდი მდ. ენგურზე) და 3 არაოფიციალური გზით ხორციელდება, კერძოდ:

  1. ენგურის ხიდი – გადაადგილდება საქონლის 80% და მოსახლეობის 75%;
  2. ე.წ. ზედა ზონა – გადაადგილდება მოსახლეობისა და საქონლის 5%-ზე ნაკლები;
  3. ე.წ ქვედა ზონა – გადაადგილდება საქონლის 15% და მოსახლეობის 20%.

 

ქართულ-აფხაზური ვაჭრობა და საქონელწარმოშობა

 

ქართულ-აფხაზური ვაჭრობა ქ. გალის გავლით მოიაზრებს არამხოლოდ ქართული, არამედ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციით ვაჭრობასაც. კერძოდ, წარმოშობის ადგილები შემდეგია.

  1. საკვები პროდუქტები. კარტოფილი – საქართველო (ახალციხე, წალკა, ახალქალაქი), თურქეთი; სტაფილო – სომხეთი; კიტრი – საქართველო (ქუთაისი, წყალტუბო, მარნეული); მწვანილი – საქართველო (სამტრედია, ქუთაისი); საქონლის ხორცი, გაყინული – ბრაზილია; ღორის ხორცი, გაყინული – არგენტინა და ა.შ.
  2. ტექნიკა, ავეჯი და სხვა არასასურსათო პროდუქტების შეძენა კი, საქართველოში, ძირითადად, საბითუმო ბაზრებში (თბილისი, ქუთაისი და ზუგდიდი) და ტექნიკის სპეციალიზებულ მაღაზიებში ხორციელდება (წარმოშობის ადგილი საქართველო და მთელი მსოფლიო). აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოდან შესული საქონსლის 80% სოხუმისა და გაგრის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ 20% რჩება გალის ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება.

ზემოხსენებული პოლიტიკური და საკანონმდებლო შეზღუდვები მძიმე დარტყმას აყენებს და დემოტივირებს ქართულ-აფხაზურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. შედეგად, განსაკუთრებით მძიმეს ხდის ამ ურთიერთობებში ჩართული, ძირითადად, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების საქმიანობას, რომელთაც სხვა შემოსავლის წყარო, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ (ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანახმად, გალის რაიონი 97%-ით სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, 2%-ით ინდუსტრიაზე და 1%-ით ტურიზმზე), გარდა საქართლოს მთავრობისგან დანიშნული თვეში 45 ლარიანი “დახმარებისა”.

 

დასკვნა

 

მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, დე-ფაქტო აფხაზეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად მოძლიერდა (შედარებით). თუმცა, პარალელურად იზრდება რუსეთზე დამოკიდებულებაც, რადგანაც სწორედ ის განსაზღვრავს ამ ზრდის ძირითად ფაქტორებს.

მიუხედავად აფხაზური ეკონომიკის მცირე მასშტაბებისა და იმისა, რომ მის ნამდვილ აღორძინებას რუსეთის ეკონომიკა წესით და რიგით მარტივად უნდა გამკლავებოდა – მაღალმა კორუფციულმა მაჩვენებლებმა, კლანურმა გადანაწილებებმა და მართვაში გამოუცდელობამ, სულ სხვა რეალობა განაპირობა.

2014 წლის ბოლოდან დღემდე რუსული რუბლის 100%-იანი გაუფასურების ფონზე, ქართული ლარის მხოლოდ 35%-იანმა დევალვაციამ აშშ დოლარში გამოსახული ეკონომიკური მაჩვენებლები ქართული მხარის საკეთილდღეოდ გააკეთილშობილა, რაც აფხაზურ მხარესთან სასაუბროდ ხელსაყრელი მოვლენაა.

ტრანს-ინგურულ ეკონომიკურ ურთიერთობებს უდიდესი პოტენციალი აქვს და ავტორის აზრით, შესაძლებელია თითქმის მთლიანად ჩაანაცვლოს რუსულ-თურქული სავაჭრო გავლენა რეგიონში. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

 

ვახტანგ ჭარაია