ეკონომიკა

რთველში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დარეგისტრირება ელექტრონულად შეეძლებათ

2016 წლის რთველში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დარეგისტრირება ელექტრონულად შეეძლებათ.

ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ წელს პირველად დანერგა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში კომპანიებს რთველის საკოორდინაციო შტაბში გამოცხადება აღარ დასჭირდებათ, რაც მათ საქმიანობას გაუმარტივებთ.

პირველი საკოორდინაციო შტაბი კახეთში დღეს გაიხსნება, რთველი კი სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაცია იფუნქციონირებს რაჭაში რთველის დაწყებისასაც. სამანიშვილი ამბობს, რომ გარდა რეგისტრაციისა სააგენტო აქტიურად მუშაობს ყურძნის აღრიცხვისას მის ელექტრონულ რეგისტრაციაზეც, რაც გამორიცხავს მისი ადგილწარმოშობის გაყალბების ფაქტს, ასევე სააგენტოს ექნება ზუსტი მონაცემები, თუ რომელი სოფლიდან რამდენი ტონა და რომელი ჯიშის ყურძენი იქნა ჩაბარებული.

სოფლის რწმუნებულები მევენახეებისთვის ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობის გაცემას ასევე სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ.