მსოფლიო

რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს აუქმებს

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ფქვილისა და პურის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადებას „კომერსანტთან” ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის”  ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აკეთებს. საუბარია მოსკოვის გეგმებზე, ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გააუქმოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს.

სილაგავას თქმით, ეს ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა არამარტო ქართული, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბაზრებისთვისაც. მისი განცხადებით, წელს მსოფლიოში ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალია, მათ შორის რუსეთშიც და ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებაც ამან გამოიწვია.

„წელს მსოფლიოში ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალია, თავად რუსეთს საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანა გაუჭირდა იმიტომ, რომ მას საექსპორტო გადასახადი ჰქონდა. შესაბამისად, იმისათვის რომ ეს ხორბალი გაიყიდოს და მსოფლიო ბაზრებზე მისაღებ ფასად გავიდეს, ეს გადაწყვეტილება ალბათ მიღებული იქნება” – აცხადებს სილაგავა.

1 თებერვლიდან რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე გადასახადი დააწესა, რომელიც ტონაზე ღირებულების 15% +7,5 ევროს შეადგენს. მეორე მხრივ, რუსეთმა შიდა პროდუქტის შექმნისა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მიზნით, გადამამუშავებელი საწარმოები გააძლიერა და ფქვილის ექსპორტის ხელშეწყობა გადაწყვიტა.

სილაგავა რამდენიმე თვის წინ ასევე „კომერსანტთან” საუბრობდა, რომ როდესაც სხვა ქვეყნებიდან კომპანიას ექსპორტზე ფქვილი გააქვს, მას სახელმწიფოსგან შეღავათები ეძლევა. აქედან გამომდინარე, ძნელია, ასეთ ქვეყნებს კონკურენცია გაუწიო. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ მაგალითად, რუსეთში დაფქვილი ფქვილი და ჩვენთან დაფქვილი, 1 ტონაზე 40 დოლარიან სხვაობას გვაძლევს.

„საქართველოში ხორბლის ბაზრის 90 პროცენტი რუსულ ფქვილს უჭირავს. შედეგად, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ადგილობრივი წარმოება იმპორტით სრულად ჩანაცვლდება, რის გამოც იზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტი, შემცირდება სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ” – აცხადებდა სილაგავა.

commersant.ge