09/05/2024
Latest:
საზოგადოება

რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ეს განცხადება მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად რუსეთის ლიდერმა 2008 წლის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება მოსკოვის ბრალი არ არის. მან მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერბატორად დანიშვნაზე და ოკუპირებულ რეგიონებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, სააკაშვილის გუბერნატორობა უკრაინაში ეს უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო.

„კვლავ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ სიტუაციის გამწვავების მიზეზი. არ უნდა მიეღო ყოფილ ხელისუფლებას და ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ავანტურისტული გადაწყვეტილებები, რომელმაც ქვეყანა ტერიტორიულ დანაწევრებამდე მიიყვანა. ეს არის მათი ბრალი.

ახლა პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტით დაკავდნენ. აქტიურად განაგრძობენ მუშაობას უკრაინაში. არც შეუცვლიათ მუშაობის სტილი. ადრეც ვახსენე და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, პირველ რიგში, ეს ქართველების, ოსების და აფხაზების საქმეა. მათთან მუშაობაა საჭირო. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ. სირთულეების მიუხედავად, ვხედავთ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან სიგნალებს. გაიზარდა ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვა. რაც შეეხება ვიზებს, მზად ვართ გავაუქმოთ“, – განაცხადა პუტინმა.