„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ „განსხვავებულ აქცენტებს“ არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებს“ არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება 29 მაისს „განსხვავებულ აქცენტებში“ სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე განხორციელებული ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ გასული სიუჟეტს, რომელიც „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ შეფასებით, არის ცალმხრივი და არაობიექტური. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სამწუხაროდ, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადაცემიდან არავინ დაკავშირებია და არანაირი ინფორმაცია არ მოუთხოვია. პარალელურად, „განსხვავებულმა აქცენტებმა“ კომპანიის საქმიანობაში, რატომღაც, კორუფციის ნიშნები დაინახა და ამის გამაგრება სცადა შემდეგი განცხადებებით: სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულება კომპანია „ჯენერალ ბილდინგთან“ ელექტრონული შესყიდვის გარეშე გაფორმდა; ხელშეკრულება ახლადდაფუძნებულ კომპანიასთან იქნა გაფორმებული; სახელმწიფომ დაკარგა პროექტის ღირებულების 15-20%, რომელსაც ელექტრონული შესყიდვის შემთხვევაში მიიღებდა.
ვინაიდან, თემა არასწორად იქნა გაშუქებული, კომპანია თავს ვალდებულად თვლის, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, რეალურ ვითარებაში გარკვევის შესაძლებლობა მისცეს. „ჯენერალ ბილდინგთან“ ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის გარეშე გაფორმდა იმის, გამო, რომ 2014 წლის 14 მარტისთვის სამუშაოების პროექტი, დოკუმენტური სახით ჯერ ისევ არ არსებობდა. შესაბამისად, მოკლებული ვიყავით შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დაწყების შესაძლებლობას. პროექტი იწერებოდა სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფი) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ), ასევე, ფერდობის აღდგენა-გამაგრებისა და ქვის ცვენისგან დაცვის დავალება შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომაპანიამ“ 2013 წლის 16 დეკმბერს, საქართველოს მთავრობის N1965 განკარგულებით მიიღო.
გზის ეს მონაკვეთი 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში შავი ზღვის 6-ბალიანმა შტორმმა დაანგრია. ეს გზა, არამარტო საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა ზამთარში, არამედ, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიასა თუ აზიაში მიმავალი მანქანებისთვის. დღე-ღამეში აქ, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შემოდის კვებისა და სხვა დანიშნულების პროდუქტები. ამ გზაზე გადის ევროპასთან დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, მაგისტრალური გაზსადენი და სხვა საინჟინრო კომუნიკაციები. შტორმის შედეგად, არსებობდა ამ მნიშვნელოვანი არტერიის ჩაკეტვის, გზის ამ მონაკვეთის სრულად წარეცხვის საფრთხე; ამასთან, საშიშროება ემუქრებოდა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
შესაბამისად, გზის აღდგენისა და სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ, ფორსმაჟორულ ვითარებაში, პროექტირების პარალელურად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით – სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით (განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტები). სარფის სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტი, პირველადი სახით, შ.პ.ს. „ნაპირდაცვამ“ 2014 წლის 30 აპრილს მოგვაწოდა, თუმცა, სამუშაოების წარმოების განმავლობაში, დოკუმენტმა კიდევ არაერთი ცვლილება განიცადა. ეს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული.
კალენდერეს კონცხის მონაკვეთი ყველაზე რთული მონაკვეთია შავი ზღვის აკვატორიაში, ვინაიდან სწორედ აქ ხდება ყველაზე ძლიერი ტალღების ფორმირება. საპროექტო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად, ტალღის აგორების სიმაღლის შესამცირებლად (რაც 10,5 მ-ზე მეტი იყო) და საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის შემდგომი რღვევის შესაჩერებლად, გზის გასწვრივ, ჩაიდო 175 ცალი 5-ტონიანი ტეტრაპოდი. ეს იყო მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც ვერ შეასრულებდა სრულფასოვანი ნაპირდამცავი ნაგებობის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის დავალებით, პროექტის მიზანი სწორედ ნაპირდამცავი ნაგებობის – ქვანაყარი ბერმის პროექტირება და მშენებლობა იყო. ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტის მომზადება წარმოუდგენელია ზღვის ფსკერის გამოკვლევის გარეშე. ძლიერი ღელვის, განსაკუთრებით – გაზაფხულის ღელვის პერიოდში კი, ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვინაიდან, დრო არ იცდიდა, არ შეიძლებოდა შექმნილი პრობლემის გაღრმავება. მარტის ბოლომდე, იქამდე, ვიდრე ზღვის ფსკერის ბათიმეტრიული კვლევის საშუალება მოგვეცემოდა, გასული წლების მონაცემებით ვიხელმძღვანელეთ, ისიც – განსაკუთრებული სიფრთხილით, ვინაიდან, ძლიერი შტორმების შემდეგ ზღვის ფსკერი მუდმივად განიცდის ცვლილებებს. სწორედ ამიტომ გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირი წესით, ელექტრონული შესყიდვის გარეშე.
სანაპირო ზოლის ასეთი მასშტაბური ნგრევა მანამდე საქართველოში დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, ქვეყანას არც ზღვის ნაპირგამაგრების საჭირო გამოცდილება აღმოაჩნდა. ახალმა გამოწვევამ, არამარტო მეტი ცოდნა და გამოცდილება შეგვძინა ჩვენ, პროექტზე მომუშავეებს, საქმეში ჩართულ ყველა სუბიექტს, არამედ ახალი კომპანიების შექმნის საჭიროებაც წარმოშვა. მათ შორისაა „ჯენერალ ბილდინგიც“, რომელთანაც, ამ სამუშაოების ფარგლებში, ტექნიკისა თუ საშენი მასალებით მომარაგების კუთხით ვთანამშრომლობდით და, რომელმაც სამუშაოებისთვის შემოგვთავაზა უცხოელი სპეციალისტები, როგორებიც ჩვენ ბაზარზე, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ. წინასაპროექტო კვლევებმა აჩვენა, რომ ტალღის ზემოქმედების შესამცირებლად, საჭირო იყო ქვანაყარი ბერმის მოწყობა, სადაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო 0.4 მ-დან 1.65 მეტრამდე დაიამეტრის, 2,65 კგ/სმ3 სიმკვრივის ქვის ლოდები. ამ პარამეტრების ქვის მოპოვება აჭარის ტერიტორიაზე ძალზედ რთული ამოცანა აღმოჩნდა.
ადგილობრივი კერძო კარიერები, არასწორი ექსპლუატაციის გამო, ვერ ახერხებდნენ საჭირო ზომისა და სიმკვრივის ქვებით მშენებლობის მომაგარებას, სხვა რეგიონებიდან მასალის ჩამოტანა კი, მნიშვნელოვნად ზრდიდა პროექტის ღირებულებას. ყველაზე ოპტიმალური ახალი კარიერების გახსნა იყო, რისი ნებართვაც მთავრობამ მოგვცა. დავდექით ახალი პრობლემის წინაშე – საქართველოში ვერ მოიძებნენ სპეციალისტები, რომელებიც საჭირო ზომის ქვის მოსაპოვებლად აუცილებელ აფეთქებებს აწარმოებდნენ. ასეთი სპეციალისტების ჩამოყვანა „ჯენერალ ბილდინგმა“ შემოგვთავაზა. მანვე აიღო ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობაში განსწავალული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თურქეთიდან ჩამოყვანის ვალდებულებაც. სწორედ ამიტომ გაფორმდა ხელშეკრულება „ჯენერალ ბილდინგთან“.
თუკი ელექტრონულმა შესყიდვამ სამუშაოების ღირებულება 15-20%-ით შეიძლება შეამციროს, როგორც ეს თქვენ გადაცემაში აღინიშნა, ჩვენმა კომპანიამ სამუშაოები, საპროექტო ღირებულებასთან შედარებით, 16-18%-ით იაფად შეასრულა, რაც დადასტურებულია კიდეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნებით. შესაბამისად, კორუფციის ან რაიმე სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ძიება აქ, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა.
კალენდერეს კონცხის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გარდა, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთის საზღვრებში, საჭირო გახდა: საბაჟო-გამშვები პუნქტის დამცავი ბერმის მოწყობა, ასევე – სარფის პლაჟის გამაგრება; ორი ახალი ტალღამრეკლი კედლის აშენება და მათ გასწვრივ არსებული საავტომობილო გზის 5 მეტრით გაგანიერება; 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია; საავტომობილო გზის 932-მეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, კლდეზე, ქვის ცვენისგან დამცავი ბადის დამაგრება. ამ პროექტების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ყველა სამუშაო მაღალი ხარისხით, ოპტიმალურად მოკლე ვადებში, რთულ კლიმატურ და შეზღუდულ სამუშაო პირობებში განახორციელა.
ვინაიდან უკვე გასულ გადაცემაში ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მოგვეცა, მოვითხოვთ, ეს „განსხვავებული აქცენტების“ შემდეგი გადაცემის ფარგლებში მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ, როგორც გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ავტორი, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2“, თემის სრულყოფილად და არა ცალმხრივად გაშუქებით იქნებიან დაინტერესებულები“, – ნათქვამია განცხადებაში.