03/05/2024
Latest:
საზოგადოება

სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი მკაცრდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი მკაცრდება.

მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ შესაბამისი პროგრამა დღევანდელ სხდომაზე გავა.

“თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული ან იმპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს მათ შორის ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომლისგანაც წამლები მზადდება”,

– განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა წლევანდელ პროგრამაში შედის ცვლილებები, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს.

“კერძოდ ეს იქნება არა მარტო ადგილობრივ არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმება. თუკი აქამდე კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად მხოლოდ ადგილობრივ, სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება,“

– განაცხადა სერგეენკომ.