საზოგადოება

ლადო კუჭავა: „სადაც  პირველადი რგოლი ძლიერია, იქ ჯანდაცვის მთლიანი სისტემა არის ძლიერი“

 

ჯანდაცვის პირველადი რგოლის მნიშვნელობასა და დადებით მხარეებზე ისაუბრა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სახ.პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა ლადო კუჭავამ. ექიმის თქმით, ეს რეფორმა შესაძლოა გახდეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქართულ ჯანდაცვაში.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ქართული მედიცინისთვის. პირველად რგოლზე არის დამოკიდებული მთლიანად ადამიანის ჯამრთელობა. ჯანდაცვის პირველადი რგოლი რომელ ქვეყანაშიც არის ძლიერი, იმ ქვეყანაში მთლიანი ჯანდაცვა არის ძლიერი. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, საბჭოთა მედიცინის სისტემა იყო მიჩნეული პროგრესულად და რატომ?! იმიტომ, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო პოლიკლინიკურ სისტემაზე. დაავადებათა პრევენცია და მათი პროფილაქტიკა, ასევე, პოლიკლინიკურ ეტაპზე დიაგნოსტიკა და მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შემდგომ აღარ მოხდეს პაციენტის დისპანსერიზაცია. ჩემი აზრით, ჯანდაცვის პირველადი რგოლი, ეს არის ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, რომელთან მიმართებაშიც დანარჩენი ყველაფერი არის ზედნადები და დამატებითი“

– აცხადებს კუჭავა.

მისი თქმით, ყველაფერი მაინც მიდის ფინანსებთან.

„საჭიროა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ადეკვატური დაფინანსება. ეს დაფინანსება შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა მარტო სახელმწიფოს, ეს დაფინანსება შესაძლოა იყოს კერძო მეცენატური სახისაც. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი ჯანდაცვა არასდროს არ უნდა ჩაითვალოს ბიზნესის სფეროდ. იგი უნდა იყოს მთლიანად დაფინანსებული“

– მიაჩნია კუჭავას.

პროფესორი საუბარში ჯანდაცვის საყოვეთაო პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი არის ჩვენს ჯანდაცვაში ერთადერთი თუ არა ერთ–ერთი ნათელი წერტილი მაინც.

„ამ პროგრამამ ძალიან შეუწყო ხელი მოსახლეობას, რათა მათ მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ ფონზე პროგრამის მომგებიანობა სახელმწიფოსთვის, ასევე ის, თუ რამდენად გამართლებულია ფინანსურად ეს პროგრამა და ა.შ. ეს ყველაფერი არის უკვე მეორეხარისხოვანი. ის შედეგი, რომელიც აქვს მოსახლეობას, ის კმაყოფილების გრძნობა და ის იმედი, რომელიც გაუჩნდა ქართველ ხალხს, იმ ხალხს რომელიც თავის ჯანმრთელობას ყოველთვის ბოლო პლანზე აყენებდა უსახსრობის გამო, არის უმნიშვნელოვანესი. ის კონკრეტული იდეა, რომელსაც ჰქვია ,,საყოველთაო ჯანდაცვა’’ ნამდვილად  ძალიან პროგრესულია’’

– აღნიშნა პროფესორმა და კერძო კომპანიებს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ქართული მედიცინაში და გამოიჩინონ ინიციატივა, რომ გარკვეული სახსრები ჩადონ ამ დარგის დაფინანსებაში.