17/05/2024
Latest:
საზოგადოება

” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ადამიანის შინაგანი ღირსების საკითხია”

ინტერვიუ ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისოს საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი თედორაძესთან

– თბილისის სტიქიის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები და დარგის ექსპერტები სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას აქტიურად მოითხოვენ. ამ მხრივ კომპანიებს მთავრობის მიმართ რამდენიმე შეთავაზებაც აქვთ.  რამდენად აუცილებელი და ამავე დროს რეალისტურია საქართველოში  სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამ ეტაპზე?

– აქ განმსაზღვრელია ტარიფები. თუ ეს იქნება ადეკვატური ფასები და ადეკვატური მომსახურება და მომხმარებელს ტრაფარეტულ დაზღვევას არ შესთავაზებენ, ეს სავალდებულოცაა და საჭიროც. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფასები ევროპულთან მიახლოებული უნდა იყოს, ეს აბსურდი და შეუძლებელია. სავალდებულო დაზღვევა უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ის მორგებული უნდა იყოს ქართულ რეალობას. თუ ადამიანისთვის ეს არ იქნება ზედმეტი, ამაოდ გაწეული ხარჯი, რომელიც მისი ცხოვრების ხარისხს და სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს, ამას აზრი არ აქვს. უნდა არსებობდეს მინიმალური დაზღვევა, რათა რაიმე ზარალის შემთხვევაში ადამიანები მესამე პირის საპატრონო არ გახდნენ.

– რომელი სახეობებით უნდა დაიწყოს სავალდებულო დაზღვევის შემოღება?

– პირველ რიგში ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევით. ესაა ერთერთი მთავარი პოლისი, რადგან ავტომობილი ამაღლებული საფრთხის წყაროა. აქ საუბარია არა მხოლოდ მატერიალურ ზარალზე (როდესაც მანქანა ზიანდება და ამ ზარალის ანაზღაურება ხდება საჭირო), არამედ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებზე. გასაგებია, რომ ბევრ სოციალურად დაუცველსაც ჰყავს მანქანა, მაგრამ თუ ადამიანს მანქანა ჰყავს, მას, ცხადია, უწევს გარკვეული ხარჯების გაღება, მაგალითად, პარკირების გადასახადის გადახდა. სავალდებულო დაზღვევაც მისი შემოსავლების შესაბამისი უნდა იყოს და მის მატერიალურ მდგომარეობაზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს.

– რაც შეეხება უძრავი ქონების დაზღვევას. საუბარია სტიქიისგან სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც, ერთ ადამიანზე თვეში დაახლოებით 3–4 ლარის ხარჯს ითვალისწინებს…  

– უძრავი ქონების დაზღვევა ერთერთი მთავარი დაზღვევაა ევროპაში და რუსეთშიც კი სრული დაზღვევის პოლისები შემოვიდა. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის ყველა რეგიონი სხვადასხვა კატაკლიზმის თანაბარი საფრთხის შემცველი არაა. შესაბამისად, ისეთი პაკეტები უნდა იქნას შემოღებული, რომ ცალკეული რაიონის მცხოვრებმა პოლისში სწორედ მისი საჭიროება და  მის წინაშე მდგარი საფრთხეები დაინახოს და გაიაზროს, რომ ეს საფრთხე მისთვის რეალურია, ადრეც ჰქონია მასთან შეხება. ასეთ შემთხვევაში ის დაზღვევასაც ადეკვატურად მიიღებს და არ ჩათვლის, რომ ამ გხით სახელმწიფო მისგან უბრალოდ ფულის გამოძალვას ცდილობს. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული შემთხვევა შეიძლება რეალურად დადგეს, ის ადეკვატურად მიიღებს სავალდებულო დაზღვევას. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მიწისძვრამ ნახალოვკა სერიოზულად დააზარალა. შესაბამისად, იქ მცხოვრებისთვის მიწისძვრისგან დაზღვევა მისაღებია. ასევე მოვიყვან კახეთში სეტყვისგან დაზღვევას, რაც ადგილობრივებისთვის ასევე აქტუალურია. თუ თქვენი შემოსავალი მაღალია და შეგიძლიათ შეიძინოთ დაზღვევის სრული პაკეტის შეძენა, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ სოციალურად შედარებით ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უნდა შეეთავაზოს იმ საფრთხეებისგან დაზღვევა, რომლებიც ყველაზე რეალისტურია მისთვის.

– თუ ადამიანი უმუშევარია და არანაირი შემოსავალი არ აქვს, ის ვერ ისარგებლებს დაზღვევით?

– ეს უკვე სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის თემაა და მოიძებნება მექანიზმი ადამიანთა ამ კატეგორიის დაზღვევისთვისაც. ეს სახელმწიფო ბიუჯეტს დიდად არ დააწვება. თუ ჩვენ დემოკრატიული და სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ვართ, ამ ხალხზე ზრუნვა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ.

– როდესაც „კომერსანტმა“ ხელისუფლებისადმი „არდის“ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ეს კომპანია სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვს, რამდენიმე მკითხველმა კომენტარის სახით დაწერა, რომ ეს კომპანიების ინტერესია და რომ დაუშვებელია მათთვის დამატებითი გადასახადის დაკისრება, რას უპასუხებდით ასეთ მოსაზრებას?

– ადამიანი სიახლეს ყოველთვის შიშის თვალით უყურებს, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ბევრია ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელი დაპირება. საქართველოში სიახლეებს შიშით ხვდებიან, რადგან ისტორიულად ბევრი იმედგაცრუება იყო. ამიტომ საჭიროა სწორი პიარ კამპანია, სპეციალისტებმა უნდა აუხსნან ადამიანებს დაზღვევის აუცილებლობა. გავიხსენოთ თუნდაც 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები – ისინი რომ გაფრთხილებულნი ყოფილიყვნენ და დაზღვევით ესარგებლათ, ფონდების დასაფინანსებლები არ იქნებოდნენ. თუ მოსახლეობას აჩვენებ იმ ბენეფიტებს, რაც დაზღვევას ახლავს, ის სწორ არჩევანს გააკეთებს და აღარ შეეპარება ეჭვი, რომ მას ძარცვავენ. თავდაპირველად შესაძლოა ეს ნებაყოფლობით დაიწყოს დასაქმებული მოქალაქეების მხრიდან.

ერი ყოველთვის არ იქნება იმ განწყობაზე, რომ ფონდში გადარიცხოს ფული. თანაც, არავინაა დაზღვეული უფრო მასშტაბური სტიქიისგან, და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ვერც ფონდებმა და ვერც სახემწიფომ უბრალოდ ვერ გამონახონ შესაბამისი მოცულობის თანხები. იმ ადამიანებს, ვინც დაზღვევას ფუფუნებად მიიჩნევს, მინდა ვკითხო: ფუფუნება არ არის, ევროპასთან ინტეგრაცია რომ გვინდა?  ვინც ამას ამბობს, ეწინააღმდეგება ნოვაციებს და ჩარჩოებში ცხოვრობს. მე მათი მესმის იმ მხრივ, რომ არ შეიძლება დღეს ევროპული ფასების შემოღება, თუმცა თუ ტარიფები ადეკვატური იქნება და ადამიანი რეალურ ბენეფიტს მიიღებს ისე, რომ ეს მის ჯიბეს ძლიერად არ დააწვება, ეს საჭირო და აუცილებელია. ამის უარყოფა ჩემთვის გაუგებარია. ჩვენა რ უნდა ველოდოთ მესიას, რომ 50 წლის შემდეგ “ცა გაიხსნება“ და მერე დავიწყებთ დაზღვევაზე ფიქრს, ეს  აბსურდია. სულ სახელმწიფოზე თუ ვიქნებით დამოკიდებული, „გაშვერილი ხელის“ პოზიდან ვერასდროს გამოვალთ. ჩვენ თუ გვსურს კაპიტალისტური ქვეყნის მშენებლობა, რომელსაც ევროპა ღირსეულად შეხედავს, ევროპული ღირებულებებიც უნდა გავითავისოთ. თუმცა მხოლოდ „შეხედვაზე“ არ არის – ეს ელემენტარულად, შინაგანი ღირსების და პასუხისმგებლობის საკითხია. როდესაც ადამიანი მანქანას მართავს, უნდა ქონდეს გარანტია, რომ რაიმე ინციდენტის შემთხვევაში დაფარავს საკუთარ პასუხისმგებლობას. ასე ის თავადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. მქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანის საქმე ციხემდეც კი მივდია, რადგან ვერ აანაზღაურა ზარალი და მისი საქმე სასამართლოს გადასცეს. ასე რომ, ამ თემაზე საუბარი არ უნდა შეწყდეს. მეორეს მხრივ, კომპანიებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, მომხმარებელთა ხარჯზე გამდიდრდნენ. მათი ტარიფები უნდა იყოს საფრთხეების შესაბამისი, და ეს სფერო უნდა კონტროლდებოდეს. ვფიქრობ, საქართველოში ეს სფერო საკმარისად რეგულირდება და მომხმარებელი ამგვარი რისკებისგან ნამდვილად დაზღვეულია.

– იმ შიშებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო მოხელეებმა თავი შეიკავონ სავალდებულო დაზღვევის შემოღებისგან?

– სახელმიწო მოხელის ფუნქცია ისაა, რომ არ აყვეს ამ განწყობებს, იაზროვნოს პროგრესულად და გადაწყვეტილებები გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით მიიღოს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი სავალდებულო დაზღვევის შემოღება მისთვის ტვირთის შემამცირებელი იქნება. სავალდებულო დაზღვევის შემოღება თავად სახელმწიფოსთვისაც დაზღვევაა, რათა გარკვეული კატაკლიზმების დროს არ მოუწიოს თავისი ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა. მას შესაძლებლობა ექნება, ეს თანხები სხვა სოციალურ პროექტებზე გაწეროს და საკუთარი სოციალური პოლიტიკა უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს. თანაც, ჩვენ ვსაუბრბთ ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის ამაღლებაზე, რაც ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

– ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შემდეგ, სავალდებულო დაზღვევის რა სახეობების შემოღება დადგება დღის წესრიგში?

– ესაა პროფესიული რისკების დაზღვევა. ქონების და სამეწარმეო რისკების დაზღვევა. ამის შემდეგ ადამიანებს ექნებათ არჩევანი, შეიძინონ დაზღვევის მათთვის სასურველი პაკეტი. ჩემი აზრით, სამედიცინო დაზღვევის უფრო მეტი შეთავაზება უნდა არსებობდეს კერძო კომპანიების მხრიდან.

წყარო: commersant.ge