17/05/2024
Latest:
საზოგადოება

გასულ წელს საპარტნიორო ფონდის ფინანსურმა შემოსავლებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპარტნიორო ფონდის წლიური აუდიტი დასრულდა. ფონდის 2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ყველა ფინანსური მონაცემი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად,  ფინანსური მონაცემი შთამბეჭდავია. „ვფიქრობ, ფონდის გაუმჯობესებული მონაცემი საშუალებას მოგვცემს დავაფინანსოთ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულმა ფინანსურმა შემოსავლებმა 2014 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.  საპარტნიორო ფონდის წმინდა მოგება გაიზარდა 69%-ით 2013 წელთან შედარებით და 124.7 მლნ ლარი შეადგინა. 17%-ით გაზრდილია საოპერაციო მოგებაც და იგი 243 მლნ ლარს შეადგენს. (2013 წელს ეს ციფრი 207 მლნ ლარი იყო.) ფონდის ჯამური აქტივები შეადგენს 5.4 მილიარდ ლარს, რაც წინა წლის ჯამურ ატივებს 8%-ით აღემატება. საინტერესოა, რომ ასევე გაზრდილია ფონდის კაპიტალიც და იგი 2.6 მლრდ ლარია, რაც 9%-ით მეტია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით.

2014 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და თელასის ფინანსური მონაცემები.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის აქციების 100 პროცენტს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს.