07/05/2024
Latest:
საზოგადოება

სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი ,,ოდიში ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

”მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი – ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში – ეს ჩემი ვალდებულებაა”, – განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. „გაყალბება იყო სრულიად საქართველოში. ეს არ ყოფილა მხოლოდ ზუგდიდის რაიონში და რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. გაყალბება იყო მთელ აჭარაში, ქუთაისში, მარნეულში, კახეთში და მთელ საქართველოში. მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისზე საუბრობენ, რაც ნამდვილად ასე არ არის. თუმცა, ნელ-ნელა გამოდის მასალა ხალხისგან თუ რა დარღვევებთან გვქონდა საქმე. თუ არ სჯერათ ხალხის და არასამთავრობოების საჩივრების, ვიდეომასალებში კარგად ჩანს ყველაფერი – გამქრალი და გაბათილებული ბიულეტენები, სურათის გადაღება, ხალხის ტრიალი საარჩევნო უბანში და ა.შ. ეს არის ძალიან ნათელი დარღვევები. ზუგდიდში იყო ძალიან დიდი გაყალბება, რადგან მე რომ პირველ ტურში გამემარჯვა, იქნებოდა პირადი მარცხი ივანიშვილისთვის. მან რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ ”ის ქალბატონიც ვერ გაიმარჯვებს” ზუგდიდშიო. არაფორმალური მმართველისგან მიიღეს ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს არის მიუღებელი ჩემთვის”, – განაცხადა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის ვიდეოინტერვიუ ,,ოდიში ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.