24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა შორისაა

მსოფლიო ბანკის ანგარიშით „Doing Business 2017” საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა – ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და შარშანდელი მონაცემები ერთბაშად 7 პოზიციით გააუმჯობესა, – აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა სახელმწიფო კანცელარიაში საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის (მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ). სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. შესაბამისად, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ 10 ტოპ-რეფორმატორთა შორისაა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იქვე დააზუსტა ერთი გარემოება. საქმე ისაა, რომ ბიზნესის წარმოების შარშანდელ რეიტინგში საქართველოს 24-ე ადგილი ჰქონდა. თუმცა მსოფლიო ბანკმა ეს მონაცემი მოგვიანებით თავადვე დააზუსტა და 24-ეს ნაცვლად საქართველომ 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია (მე-19 ადგილი), ისლანდია (მე-20 ადგილი), ლიტვა (21-ე ადგილი), კანადა (22-ე ადგილი), მალაიზია (23-ე ადგილი), პოლონეთი (24), პორტუგალია (25), ჩეხეთის რესპუბლიკა (27), ნიდერლანდები (28), საფრანგეთი (29), სლოვენია (30), შვეიცარია (31), ესპანეთი (32), სლოვაკეთი (33), იაპონია (34), ყაზახეთი (35), რუმინეთი (36), ბელარუსი (37), სომხეთი (38), ბულგარეთი (39), რუსეთი (40), უნგრეთი (41), ბელგია (42), ხორვატია (43), მოლდოვა (44), სერბეთი (47), იტალია (50), მონტენეგრო (51), ისრაელი (52), აზერბაიჯანი (65), თურქეთი (69), უკრაინა (80) და სხვა.

საქართველო 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა. საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში და 11 კომპონენტში, ხოლო სარეიტინგო ქულა – 7 ინდიკატორში.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩამოთვალა ის საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგიცაა 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება.

აღნიშნული რეფორმებია: ქონების რეგისტრაცია – გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა – საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით;

ვაჭრობა საზღვრებს შორის – ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა; გადასახადების გადახდა – ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის

დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა;

ელექტროენერგიით მომარაგება – გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის (SAIDI) და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე.

გადაჭარბებისთვის (SAIFI). ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვის შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის “ბიზნესის წარმოების” რეიტინგი უნიკალურია იმით, რომ ის ემყარება მხოლოდ ობიექტურ და ყოველმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს და ზუსტად ასახავს, თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ბიზნესს მუშაობა გაუადვილოს.

„ჩვენი ეფექტიანი მუშაობა, რამაც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება გამოიწვია, იმის მტკიცებულებაა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყანა და რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომლებიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უმოკლეს ვადებში და დაბალი დანახარჯებით, დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.