ეკონომიკა

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი ღვინო

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვრის თვის ექსპორტის მონაცემების შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562 930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია 1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 960 462 ბოთლი, უკრაინა -199 722, პოლონეთი – 114 276, ჩინეთი – 45 160 და ლიტვა – 44 850 ბოთლი”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი – 162%, პოლონეთი 22% და ლიტვა – 34%.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.