04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დრონების უსაფრთხო ოპერირებაზე ხვალ, კონფერენცია გაიმართება

საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით 6 მაისს, 11.00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ კონფერენცია გაიმართება.

შეხვედრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს დრონების მონიტორინგის სისტემის მწარმოებელი წამყვანი პოლონური კომპანია Dron House Group-ი, რომელიც მონაწილეებს გააცნობს საკუთარ მიღწევებს და გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებას.

შეხვედრაზე აგრეთვე იგეგმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების და ამ სფეროში მოღვაწე კერძო ჯგუფების პრეზენტაციები.

7 მაისს, 13:00 საათიდან, აეროდრომ „ნატახტარზე“ მოეწყობა უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები (დასწრება თავისუფალია). ორდღიანი ღონისძიების მიზანია, უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების რეგულირებისა და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება.

„ნატახტარზე“ ორგანიზებული ღია საჩვენებელი ფრენების ფარგლებში კომპანია Dron House Group-ი ადგილზე მოაწყობს უპილოტო საჰაერო ხომალდების  მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას.

სადემონსტრაციო ფრენებში ჩართულნი იქნებიან შემდეგი მოდელის დრონები: DJI INSPIRE I; DJI Phantom III; Trimble UX 5; Bielik.

წყარო: GBC