04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საგარეო სექტორია

საქართველოს ეროვნული ბანკი 2015 წლის ნოემბრის “ინფლაციის მიმოხილვას” აქვეყნებს. 2015 წლის მესამე კვარტალში რეალური მშპ-ს წლიურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 2.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან პირველი ცხრა თვის საშუალო ზრდა 2.7%-ს შეადგენს.

აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორმა, რასაც როგორც კერძო სექტორის ინვესტიციები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალურმა ხარჯებმა განაპირობა. ეკონომიკური ზრდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირებული რჩება საგარეო შოკის ფონზე. კერძოდ, ზრდის ტემპის შემცირება ძირითადად საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შემცირებაზე მოდის. ასევე შესუსტდა ერთობლივი მოთხოვნა, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს. ამასთან, ეკონომიკურ გაჯანსაღებას ხელი შეუწყო საგარეო დისბალანსის კორექტირებამ, რაც თავის მხრივ გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2015 წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მიმდინარე დონე შენარჩუნდება და 3%-მდე იქნება, ხოლო 2016 წელს 3%-ის ფარგლებში.

1

ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე შემცირებული ექსპორტისა და ფულადი გზავნილებით აისახება. ზომიერი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში, დაკრედიტების ზრდამ დადებითად უნდა იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე.

მოსალოდნელზე მაღალი იყო ინფლაცია 2015 წლის მესამე კვარტალში. სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ ოქტომბერში 5.8% შეადგინა და ეროვნული ბანკის 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. ინფლაციის ზრდა ძირითადად შუალედურმა ხარჯებმა გამოიწვია, რაც უცხოური ვალუტის სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდამ განაპირობა. ამასთან, გაცვლითი კურსის ცვლილება აისახა ხანგრძლივი მოხმარების იმპორტული საქონლის ფასებზე, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას. მეორე მხრივ, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის შემცირებული ფასები ზღუდავს.