საზოგადოება

9 დევნილ ოჯახს თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის N49ბ-ში მცხოვრები 9 დევნილი ოჯახისათვის ბინები საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა ვარკეთილში“ კერძო კომპანიის თანადაფინანსებით შეიძინა.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამშენებლო კომპანია „მეტრას“ დირექტორმა ნატალია გლინსკაიამ გადასცეს.

ჭავჭავაძის N49ბ-ში არსებული შენობა, სადაც 9 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობდა „მეტრა დეველოპმენტის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დადგა.

სამინისტროსა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნული 9 ოჯახი თბილისში, ვარკეთილში თანამედროვე სტანდარტებით აგებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს. დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თანადაფინანსებით მოხდა – 85% კომპანიამ, ხოლო 15% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა.

საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრა ვარკეთილში“ მოიცავს შემოღობილ ტერიტორიას გამწვანებული ეზოთი და საბავშვო მოედნით.

სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. 2012 წლიდან დღემდე, თბილისში, კერძო მესაკუთრეებისაგან 730 დევნილი ოჯახისთვის 19 ობიექტია გამოსყიდული.