საზოგადოება

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსება ნოემბრის დასაწყისში იგეგმება

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში სავაჭროდ განთავსება 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ევექსიდან” აცნობეს, წინასწარი გათვლებით, ჯგუფი აქციების ემისიის შედეგად დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც კომპანიის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

მათივე ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ჰოლდინგში შემავალი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “სამედიცინო კორპორაცია ევექსს” და სადაზღვეო კომპანია “იმედი L-ს” მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

როგორც “ევექსში” აცხადებენ, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ქართულ ბაზარზე 42 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ხოლო “იმედი L-ი”, 6 თვის მონაცემებით გამომუშავებული პრემიის მოცულობით სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 38%-ს ფლობს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას ქვეყანაში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან წინაპირობას შექმნის.