05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ წელს, შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას

საქართველომ შესაძლოა 2016 წელს ევრობონდები გამოუშვას, ქვეყანა ელოდება დამატებით ფინანსურ რესურსებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ეკონომიკური პროცესების შენელებასთან გასამკლავებლად, რაც გამოწვეულია მეზობელ ქვეყნებში არსებული პრობლემებით – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირაშვილმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ  მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად „როუდშოუების” სერიას გამართავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში .

„წინასწარ ვერ ვიტყვი დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, თუმცა თუ ინფრასტუქტურული პროექტების დაჩქარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას მოითხოვს, მათ შორის ევრობონდების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, შესაძლებელია ეს მოხდეს წლის მეორე ნახევარში,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი „როიტერთან” ინტერვიუში დაგეგმილი საგადასახდო რეფორმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ წელს მთავრობა 3 პროცენტიან ზრდას გეგმავს რაც მიღწევადია. პრემიერის განცხადებითვე, სჯერა რომ ათწლიან პერიოდში შესაძლებელია  საქართველოს ეკონომიკა- შემოსავლების და მშპ-ს კუთხით აღმოსავლეთ ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდეს.

კვირიკაშვილი ირანის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ახალ დინამიკას შემოიტანს რეგიონში და საქართველოს მდებარეობა  ევროპისა და აზიის საზღვარზე გააძლიერებს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობას. „ირანი მზადაა განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით: მათ შორის ენერგო სექტორში, რაც შესაძლოა ევროპისთვის საინტერესო იყოს მომწოდებლების დივერსიფიცირებისთვის”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ცნობისთვის: საქართველომ, პირველი ევროობლიგაციები 2008 წელს გამოუშვა. ევრობონდების მორიგი, 500 მილიონი დოლარის ემისია 2011 წელს განხორციელდა. ამ თანხით 2008–ში აღებული ევრობონდების დაფარვა წინმსწრებად მოხდა, რადგან რეალურად ამ ვალდებულების გადახდის ვადა 2013 წელს იწურებოდა.

წყარო: კომერსანტი