ეკონომიკა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მიმოხლივა ემზარ ჯგერენაიასგან

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” – 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 15.1 მლრდ აშშ დოლარი (35.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.7 პროცენტია; 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 413.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალის ზრდამ 386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.3 მლრდ აშშ დოლარი (14.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 213.4 მლნ აშშ დოლარი (500.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 890.1 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 684.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.2 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 66.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.8 პროცენტია.

2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 1.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი ვალდებულებები 213.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, 201.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.