06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათმა სახელმწიფო კანცელარიაში. ინდოეთის მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.

მემორანდუმში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების არსებულ პერსპექტივებს ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას ხსენებული მიზნის მისაღწევად.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

მემორანდუმში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის დარგში სასწავლო ტრენინგების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის ავიაციის მინისტრი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.

წყარო: BPI