04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

განვითარების ბანკი- საბანკო სექტორის კონკურენტი თუ ადგილობრივი პროდუქტის დაფინანსების იაფი წყარო

სამწლიანი ფიქრისა და ექსპერიმენტების შემდეგ საქართველოს განვითარების ბანკის შექმნა საბოლოოდ გადაწყდა. ეს ახალი ფინანსური უწყება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა შეიქმნას. რეორგანიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. განვითარების ბანკი საქმიანობას გაზაფხულზე უნდა შეუდგეს და მისი მთავარი მიზანი ბიზნესპროექტების დაფინანსება იქნება.

განვითარების ბანკი, ან კორპორაცია (საბოლოო სახელწოდებაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ) უფლებამოსილი იქნება, გასცეს დაბალპროცენტიანი სესხები, გარანტიები, გამოუშვას ობლიგაციები. თუმცა, განვითარების ბანკს ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება. მისი მთავარი სამიზნე საშუალო და მცირე ბიზნესია. ასევე `სტარტაპების’’ დაფინანსება, რომელსაც კომერციული ბანკები, როგორც კეთროვანს ისე ერიდებიან. ბანკის კლიენტები მხოლოდ იურიდიული პირები და კომპანიები იქნებიან. საუბარია ინოვაციურ პროექტებზე, რომელსაც ახლა არც ერთი ბანკი არ აფინანსებს. გარდა ამისა, თავის მფლობელობაში არსებული აქტივების გამოყენებით, ბანკს საშუალება ექნება მოიზიდოს ფინანსური რესურსები მათი შემდგომი ინვესტირების მიზნით.

საქართველოს განვითარების ბანკის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება მისი ეფექტური ინტერაქცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მან საფინანსო ინსტიტუტები შედარებით პატარა ტრანზაქციებში (100 000 – 5 000 000 აშშ დოლარი) უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ დააფინანსონ განვითარების ბანკის მიერ მომზადებული საიმედო პროექტები.
სპეციალისტების აზრით, განვითარების ბანკის მმართველი უნდა იყოს ფინანსისტი და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკოსი ან ექიმი. აქედან გამომდინარე, თუკი მთავრობა ეკონომისტების აზრს გაიზიარებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდუდატურა ვერ იქნება.

ბანკისა თუ კორპორაციის შექმნის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გამოთქვა და დასძინა, რომ განვითარებად ქვეყანას ასეთი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი `ჰაერივით სჭირდებოდა’’.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა ბანკის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ჩინელი კოლეგებისგან იღებენ. ამისთვის, ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ,,ამ საკითხზე საუბარი ჩინეთთან, ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს დავიწყეთ. ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობამ გაოცება გამოხატა, რომ საქართველოში აქამდე არ გვქონდა ასეთი ბანკი’’, – განაცხადა დავით საგანელიძემ და დასძინა, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 250 ასეთი ტიპის ბანკი არსებობს, მათ შორის, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში (KFჭ რომელიც 1947 წელს შეიქმნა და რომელიც მას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარა), ასევე ახლო აღმოსავლეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში; აგრეთვე, უკრაინაში, თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში… საგანელიძე ამბობს, რომ ჩინეთის ბანკი ქვეყნების ბანკებს შორის ერთ-ერთ უმსხვილესია. მხოლოდ მისი საგარეო აქტივები 1,400 ტრილიონი დოლარია. გასულ წელს კი მისი სუფთა მოგება 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

,,ჩვენი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ჩინეთის ბანკმა თურქეთის ფილიალიდან გამოყო ამიერკავკასიის რეგიონი, რომელშიც სამი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო არიან გაწევრიანებული და წარმომადგენლობა თბილისში გახსნა. საქართველოსთვის ამ ბანკმა პირობითად 500 მილიონი დოლარი გამოყო და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში – თუ საქართველოში ანალოგიურ ბანკს შექმნით და რომელიმე პროექტს 10 მილიონით დააფინანსებთ, მზად ვართ იმავე პროექტში ბევრად დიდი თანხებით შემოვიდეთო’’, – აღნიშნა საგანელიძემ.
საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, სხვა ქვეყნების განვითარების პრაქტიკაში არ არის იშვიათი უცხოური კაპიტალის მოზიდვა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ბანკები მაინც ეყრდნობიან სახელმწიფო სახსრებს. განსაკუთრებით სარეზერვო სახსრებს, რომლებიც ფორმირდება პროფიციტული ბიუჯეტის შედეგად. სხვათაშორის, ამ დროისთვის სახელმწიფო ხაზინაში, ნაშთის სახით, 600 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული და ეკონომისტების ნაწილი მთავრობას ამ ფულის დაბანდების რეკომენდაციას აძლევს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ნაშთები სწორედ განვითარების ბანკში გადამისამართდეს.

ლია ელიავა ამბობს, რომ განვითარების ბანკის აქციონერები შეიძლება იყვნენ, როგორც კერძო მეწარმეები, რომლებიც მზად არიან სახელმწიფო პროექტებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს იქნება არა წვრილი, არამედ მსხვილი ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ინვესტიციებს ახორციელებენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.
განვითარების ბანკის შექმნას გარკვეული შიშით უყურებს კომერციული სექტორი, ვინაიდან ამ ფინანსურ ინსტიტუტში მსხვილ კონკურენტს ხედავს. აღნიშნული იდეის გაცხადებისთანავე ,,თიბისი ბანკის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ განვითარების ბანკის შექმნა ქვეყანას რამდენიმე წლით უკან დააბრუნებდა.
,,მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ბანკი საქართველომ არ უნდა გააკეთოს. საქართველომ უნდა გააკეთოს საფინანსო კორპორაციის მსგავსი სააგენტო. ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო ბანკი, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი, გზავნილი საერთაშორისო კერძო ინვესტორებისთვის. საქართველოში ერთ–ერთი წარმატებულია კერძო საფინანსო სექტორი. სიტყვა ,,სახელმწიფო ბანკი~ ჩემი აზრით, წარსულს დროში გვაბრუნებს”, – აცხადებდა ხაზარაძე.

ლია ელიავას აზრით კი, განვითარების ბანკი ვერ იქნება კომერციული ბანკების კონკურენტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი საქმიანობა სულ სხვა სიბრტყეში იქნება მოქცეული, ვიდრე კომერციული ბანკების საქმიანობა.

,,განვითარების ბანკი არ მიიღებს დეპოზიტებს, არ გახსნის იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებს, არ გასცემს საცალო კრედიტებს. მას არ სჭირდება ეროვნული ბანკის ლიცენზია საქმიანობის განსახორციელებლად და შესაბამისად, არც მის რეგულაციაში მოექცევა”, – ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების ბანკის მიერ უცხოური კაპიტალის მოზიდვა და მისი ქვეყნის ეკონომიკაში ეფექტიანად დაბანდების უზრუნველყოფა.
,,ვინაიდან კომერციული ბანკები, პრაქტიკულად, არ მუშაობენ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის, გადამწყვეტი როლი მიენიჭება განვითარების ბანკს. იგი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, დააფინანსებს არა უცხოელ, არამედ ადგილობრივ მწარმოებლებს. ასევე, გადაწყვეტს ისეთი სახის ეკონომიკურ ამოცანებს, რომელთა გადაჭრის უნარი კერძო სექტორს არ გააჩნია კაპიტალის სიმცირის ან რისკის მაღალი დონის გამო”, – ამბობს ლია ელიავა.

რატომ უნდა შეიქმნას განვითარების ბანკი

საქართველოს გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო საბანკო სისტემა რეგიონში, მაგრამ ქვეყანაში ფინანსური სისტემის სხვა კომპონენტები არ არის განვითარებული. საბანკო სექტორი მოიცავს საფინანსო სექტორის აქტივების 93%-ს. არასაბანკო დაწესებულებები მოიცავს 5%-ს. საკრედიტო კავშირებს არავითარი როლი არ გააჩნიათ სადეპოზიტო და სასესხო ოპერაციებში. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მდგომარეობით 5 სალიზინგო კომპანია ფუნქციონირებდა, ლიზინგი არ არის განვითარებული საქართველოში. 492 მილიონის აქტივების მფლობელი სადაზღვევო სექტორიც საკმაოდ ცუდად არის განვითარებული. 5 კერძო საპენსიო ფონდი მხოლოდ 15 მილიონი ლარის აქტივებს მართავს. ისევ ჩანასახის ეტაპზეა საფონდო ბირჟები.

თეორიულად, საბანკო პროდუქტების ფართო არჩევანი არსებობს, მაგრამ, პრაქტიკულად, შეზღუდული რჩება ბიზნესისთვის სესხებთან წვდომა (განსაკუთრებულად მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის). ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ საბანკო სესხები საქართველოში რჩება ძალიან კონსერვატული და ბანკები ფოკუსირებულნი არიან მოკლევადიან სესხებსა და დიდ მოგებაზე. არსებობს ბევრი შემზღუდავი მოთხოვნები, რომელსაც ბანკები უყენებენ ბიზნეს სექტორს და ეს ძალიან ართულებს სასესხო პროდუქტებთან წვდომას განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. მაგალითად, სპეციალისტების განცხადებით, ბიზნესსესხების ძალიან მაღალი დამოკიდებულება უძრავი ქონების უზრუნველყოფაზე მიუთითებს საბანკო სექტორის შეზღუდულ შესაძლებლობაზე, რათა მათ დააკმაყოფილონ საწარმოების სასესხო საჭიროებები. ბანკების მიერ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების უუნარობა კი პირდაპირ იწვევს პრობლემებს ეკონომიკურ ზრდაში. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014 წლის კონკურენტუნარიანობის შესწავლის მიხედვით ბიზნესწარმოებაში 18.8%-სთვის ფინანსებთან წვდომა არის უმთავრესი პრობლემა. თავის წონით პრობლემებში ის ჩამორჩება არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალის ფაქტორს და უსწრებს ყველა სხვა ფაქტორს, რომელიც ასახულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.

მაკა ვარადაშვილი