05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“საქართველოში ახალი პოლიტიკური იდეების აშკარა დეფიციტი შეინიშნება”

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს, კერძოდ, პარლამენტის სამსუბიექტიანობას, საკანონმდებლო ორგანოში ”ქართული ოცნების” დომინირებას, მის კონკურენტად კვლავაც ”ნაცმოძრაობის” ყოფნასა და ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ 5%-იანი ბარიერის გადალახვას? პარლამენტში ძალთა სავარაუდო განლაგება რა ტენდენციებზე საუბრის საშუალებას იძლევა?


– ოპოზიციურმა პარტიებმა როგორც არ უნდა გააპროტესტონ არჩევნების შედეგები, ისინი ქართველი ხალხის ნებას გამოხატავენ, რასაც, სხვათაშორის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები ეთანხმებიან. თუ გახსოვთ, არჩევნების წინ მე ასეთივე შედეგი ვივარაუდე: სანამ არ გაჩნდება განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური პარტია, ქართული პოლიტიკა “ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობის“ პაექრობაზე იქნება დაფუძნებული.

ამასთან, ხაზი იმასაც გავუსვი, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს განცალკევებული, თუმცა, მეტად შეზღუდული იდეოლოგიური ნიშა. არჩევნებმაც ეს აზრი დაადასტურეს. ამიტომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში შედეგს ვერ მიაღწიეს, ვურჩევდი არჩევნების შედეგების გაპროტესტების მაგივრად, სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ თავიანთ ადგილზე ქართულ საზოგადოებაში. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგები სავსებით ლოგიკურია.

– მიუხედავად იმისა, რომ ”პელე- ივანიშვილი” და ”გარინჩა-სააკაშვილი” პოლიტიკურ მოედანზე თავად არ იყვნენ, ერთი ოდესიდან, ხოლო მეორე სოლოლაკიდან ადევნებდა თვალს პოლიტიკურ პროცესებს და ზოგჯერ თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ მასში. უნდა ითქვას, რომ 2016 წლის არჩევნები, ისევე როგორც 2012 წლის არჩევნები, ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების და მათ შორის არჩევანის გაკეთების ნიშნით წარიმართა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ 2016 წლის არჩევნებში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო დეკორაციის როლი ჰქონდათ. თქვენ ასე არ ფიქრობთ? – თუ კი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი – მთავარი აქტორების მიერვე ამგვარი რეალობის შექმნა, თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტების მრავალმხრივი სისუსტე?


– სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც იმპერატიულ ბრძანებებს ოდესიდან გასცემდა, მაგრამ თავისი დანაპირები ზღვის გადაცურვის შესახებ მაინც არ შეასრულა, ბატონი ბიძინა აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ამ ლიდერთა ქმედებებს მე პაექრობას ნამდვილად ვერ დავარქმევდი – საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ჭადრაკის ენით თუ ვისაუბრებთ, ბატონ სააკაშვილს ლაზიერი უკვე წაგებული ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ვერც „ნაცმოძრაობამ“ და ვერც მისმა ლიდერმა საზოგადოებას ახალი იდეები და ახალი მიდგომები ვერ შესთავაზეს. მხოლოდ ივანიშვლის აღვირახსნილი ლანძღვა აშკარად არასაკმარისი გამოდგა.

სულ სხვაგვარად წარიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. აქ როლები კარგად იყო განაწილებული: პოლიტიკოსთა ნაწილი „ნაცმოძრაობის“ მწვავე კრიტიკით იყო დაკავებული, მაგრამ პარტიის ლიდერი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ამ დისკურსში პრინციპულად არ ერეოდა და მხოლოდ განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობდა. ამიტომ მოსახლეობამ სათანადო დოზით მიიღო ინფორმაცია როგორც „ნაცმოძრაობის“ რეალურ სახეზე, ასევე ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე.

ერთ საკრალურ აზრსაც გამოვთქვამ. გულახდილად მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილის ქმედებანი ხელს უშლის „ნაცმოძრაობის“ განვითარებას – ახალი იდეების სიმწირის ფონზე ლიდერ პარტიას წარსულისკენ უბიძგებს. სხვა პარტიებმა, როგორც უკვე ვთქვი, თავისი იდეოლოგიური იმიჯი ვერ გამოხატეს. სწრაფვა ევროკავშირისკენ – ეს უკვე კალკია და ამიტომ დამარცხდნენ.

– კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამომრჩევლის აქტიურობა კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა, რომ არ ჰქონოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიში. როცა არჩევნებზე დაბალი აქტივობის თემაზე საუბრობენ, მაგალითად ევროპული ქვეყნები მოჰყავთ. საშუალო ევროპულ ქვეყნამდე რომ ბევრი გვიკლია, ფაქტია. თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ამჯერად ამომრჩეველთა აქტივობა 51%-ზე ოდნავ მეტი იყო?


– მე ვეთანხმები ბატონ ვახტანგს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ამომრჩევლის 49%-იანი რეზერვი კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური იდეების აშკარა დეფიციტი შეინიშნება. ამიტომ მიამიტურად მჯერა, რომ 2020 წელს სწორედ ის პოლიტიკური ძალა, როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს, რომელიც მოსახლეობას ახალ, ევროპულ დემოკრატიულ ტრადიციებთან შეთავსებად იდეებს შესთავაზებს, მოიგებს არჩევნებს.

– თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ისეთმა მკაფიოდ გამოხატულმა პროდასავლურმა პარტიებმა, როგორებიც არიან ”რესპუბლიკელები”, თავისუფალი დემოკრატები” 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ასევე იმას, რომ პრორუსულ პარტიებად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფებისაგან მხოლოდ ერთმა ”პატრიოტთა ალაინსმა” გადალახა 5%-იანი ბარიერი, მაგრამ სხვა ამავე ტიპის პარტიებმა ცოტ-ცოტა, მაგრამ ჯამურად საკმაოდ ბევრი ხმის მიღება შეძლეს?


– სულელი ადამიანი არ ვარ, მაგრამ დიდ განსხვავებას „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ იდეოლოგიაში ვერ ვხედავ: ადამიანის თავისუფლება, დასავლეთისკენ მიმავალი განვითარების ტრენდი, ევროკავშირსა და ნატონსთან ინტეგრაცია… მაგრამ იგივეს ქადაგებს „ქართული ოცნებაც“, ხოლო საშუალო ამომრჩეველი ურთულეს ნიუანსებს ვერ ამჩნევს.

ამიტომ, ჩემის აზრით, თავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის მსურველი ამომრჩეველი ხმას აძლევს ამ იდეოლოგიის მქონე უძლიერეს პარტიას, რომელიც აშკარად „ქართული ოცნებაა“. ვიმეორებ, თუ გინდა არჩევნების მოგება, ნუ იმეორებ სხვის ლოზუნგებს და გახდი ამომრჩევლისთვის იდეოლოგიურად მიმზიდველი.

– არჩევნების შედეგების შეჯამებისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაღაზიძემ ასეთი მოსაზრება გამოთქვა: ”ივანიშვილმა პოლიტიკური მოედანი მოასუფთავა”.
თქვენც თვლით, რომ 2016 წლის არჩევნებით ივანიშვილმა პოლიტიკური მოედანი მოასუფთავა? თქვენი აზრით, რა ძალების სასარგებლოდ მოხდა პოლიტიკურ ელიტაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა?


– არ შევუდგები ქალბატონი ხათუნას კრიტიკას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქმე გაცილებით უფრო პრაგმატულ პროექტთან გვაქვს – ბატონი ბიძინა მიისწრაფოდა არჩენების მოგებისკენ და ამ მიზანს მიაღწია. ყველა მისი ქმედება ამ იდეით იყო ნაკარნახევი.

– ახლა ყველაზე აქტიურად ”ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება-არმიღების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება. თქვენი აზრით, რა საფრთხეებს შეიცავს ვითარება, თუ ”ქართულ ოცნებას” პარლემენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება?


– ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგად ვართ შეჩვეულები – გაიხსენეთ საქართველოს სსრკ უმაღლესი საბჭო, „მრგვალი მაგიდისა“ და „ნაციონალების“ პარლამენტები. მთავარია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად არ იყოს გამოყენებული.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, არსებული გარემოება ქართული დემოკრატიის სასიკეთოდ შეიძლება გამოვიყენოთ. მხედველობაში მაქვს, რომ უმრავლესობის კრიტიკის ძირითადი ტვირთი საპარლამენტო ოპოზიციიდან სამოქალაქო საზოგადოებაში და არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებში გადადის, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. მთავარია, მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს ამომრჩევლის წინაშე და ამის ყოველდღიური შეხსენება სამოქალაქო საზოგადოების ვალია.

– ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოთქვეს ჩვენმა რესპონდენტებმა. კერძოდ, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ”კონსტიტუციური უმრავლესობის ხიბლის დაჭაშნიკება სულ მალე მოხდება და ჩვენ ვისულდგმულებთ უძლეველი ”ბიძინოკრატიით”. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი თვლის – ”ივანიშვილი შეეცდება ისეთი პოლიტიკური სისტემა შექმნას, რომელიც მის გარეშე ავტონომიურად იფუნქციონირებს, ხოლო სისტემა მის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებს”. თქვენი დაკვირვებით, ელოდება თუ არა ქვეყანას ”ბიძინოკრატია”, თუ პირიქით, დიდია იმის ალბათობა, რომ უფრო მეტად გამართული პოლიტიკური სისტემა მივიღოთ?


– ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ძალაუფლება და მასთან ერთად – პასუხისმგებლობა თავისი ნებით დათმო. ამიტომ, არ მგონია, რომ ივანიშვილი „რუხი კარდინალის“ მანტიას იზომებდეს. მას უნდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობა. რასაკვირველია, საკუთარი კეთილდღეობაც თავის ერთან ერთად და ამის მისაღწევად იმას აკეთებს, რისიც სჯერა. რასაკვირველია, მან შეიძლება შეცდომები დაუშვას, მაგრამ არა განზრახ.

– ყველა საუბრობს მოქმედი კონსტიტუციის ხარვეზებზე. მესმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლაც შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, მაგრამ თუ ვიცით, რომ ის გასასწორებელია, ახლა როცა თითქმის ცხადია, რომ ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება, უპრიანი ხომ არ იქნებოდა იმაზე იყოს მთელი ენერგია და ცოდნა მიმართული, თუ როგორი ცვლილებების შეტანა იქნებოდა მასში ოპტიმალური და უკეთესი? სხვათაშორის, პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს…

– ეს იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის – სწორედ მან გამოთქვა მოსაზრება საკონსტიტუციო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კონსტიტუცია კი აშკარად დასახვეწია, მაგრამ ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მეტს ვერაფერს გეტყვით, სანამ ცვლილებათა პროექტს არ გავეცნობი.
– არჩევნების დასრულებისთანავე ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო. ლარის გაუფასურების მიზეზად არა ერთი გარემოება დასახელდა. თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რას შეიძლება უკავშირდებოდეს ლარის მორიგი გაუფასურება და რისი უფრო მეტი შანსები არსებობს ამ ტენდენციის გაგრძელების თუ კლების?

– არჩევნები და მათთან დაკავშირებული ინვესტორთა თავშეკავებულობა, წლის ბოლო, საგარეო ვალების გადახდის ვალდებულება… ვემხრობი იმ სპეციალისტებს, რომლებიც მალე ლარის გამყარებას ვარაუდობენ.
წყარო: ipn.ge