ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს
პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს. როგორც „ბიბისი“ წერს, არჩევნებამდე 20 დღით ადრე მათ ლას ვეგასში როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.
ტრამპის შენიშვნაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ჰილარი კლინტონს „პატივს არ სცემს“, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „მისი მარიონეტი“ გახდეს.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მარიონეტი თავად კლინტონია და იქვე დასძინა, რომ ის პუტინის მარიონეტი არ იქნება.
დებატების დროს მხარეებმა ასევე, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ვითარება სირიის ქალაქ ალეპოსა და ერაყის ქალაქ მოსულში განიხილეს.
ჰილარი კლინტონმა სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას დაუჭირა მხარი, ტამპმა კი, განაცხადა, რომ სირიაში არსებული სიტუაციისთვის კლინტონიც არის პასუხისმგებელი.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენა სწორედ ჰილარი კლინტონის დამსახურებაა.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მარცხის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა პასუხისგან თავი შეიკავა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, არც დებატების დასაწყისში და არც დასრულების შემდეგ კლინტონსა და ტრამპს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.