09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ბაზრების დივესრიფიცირებამ ტურიზმის შემოსვლებში მეზობელი ქვეყნების წილი შეამცირა

საქართველოში არამეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდა ფიქსირდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2016 წლის 9 თვის ჯამური მონაცემებით მათი წილი 16.9%-მდე გაზარდა, მაშინ როდესაც წინა წლებში დაახლოებით 12 % იყო, მეზობელი ქვეყნების წილი კი 83.1%-მდე დაეცა, ეს მაჩვენებელი რომ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდებოდა 88%-იანი ნიშნულის სიახლოვეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია არამეზობელი ქვეყნების მაღალი წილი 2016 წლის მესამე კვარტალში – 20.3%. უწყება აღნიშნულ ტენდენციას აქტიურ  მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს. 2015 წელს 15 მიზნობრივ ბაზარზე მიმდინარეობდა აქტივობა, რასაც 2016 წელს კიდევ ოთხი მიზნობრივი ბაზარი დაემატა.

„აღნიშნული  ქმედებები ემსახურება, როგორც მაღალმხარჯველიანი ვიზიტორების მოზიდვას, ასევე მეზობელი ქვეყნების ვიზიტორებზე დამოკიდებულების შემცირებას, რომლის შედეგადაც, კლებამ რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან ნაკლები გავლენა უნდა მოახდენოს მთლიან ჯამურ მაჩვენებლებზე. მარკეტინგული კამპანიების შედეგები აისახა 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებში. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა მიზნობრივი ბაზრიდან, მათ შორის აღსანიშნავია: კატარი (+290%), ქუვეითი (+74%), ისრაელი (+56%), ყაზახეთი (+34%), ბელარუსი (+28%), ლატვია (+26%), უკრაინა (+24%), უნგრეთი (+16%) და არაბთა გაერთიანებული ემირატები (+15%). ამ ქვეყნებიდან ზრდამ დააბალანსა კლება თურქეთიდან (-8.3%), რომელიც შიდა პოლიტიკური მიზეზებით იყო გამოწვეული“, – აღნიშნავს ტურიზმის ადმინისტრაცია. .

ოფიციალური სტატიტიკით, სახმელეთო საზღვრებიდან შემოსულ მოგზაურებში, სადაც უდიდეს წილს მეზობელი ქვეყნების ვიზიტორები შეადგენენ, როგორც წესი სჭარბობენ ერთდღიანი და ტრანზიტის მიზნით შემოსული მოგზაურები. ამის გამო ისინი ძირითადად ხასიათდებიან ნაკლები ღამისთევებითა და მცირე დანახარჯებით.

უწყებაში იმედოვნებენ, რომ მთლიანობაში ბაზრების დიფერენცირების შედეგად მოხდება ღამისთევების რაოდენობისა და საშუალო დანახარჯების ზრდა და შესაბამისად, გაიზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.

წყარო: GBC