საზოგადოება

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის სრულყოფილი გზამკვლევი შეიქმნა

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ტურისტული გზამკვლევი where.ge შეიქმნა, რომელიც ტურისტს ნებისმიერი სახის, მისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდის

ამის შესახებ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” where.ge-ს გამომცემელმა, გიორგი შარაშიძემ ისაუბრა.

ჟურნალი where.ge ტურისტს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების, სასტუმროების, საკვები თუ სავაჭრო ობიექტების შესახებ. ახლო მომავალში, ჟურნალის კონცეფციის მიხედვით ვებგვერდიც შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის შეძნის შემთხვევაში მყიდველი ფასდაკლების ერთგვარ სისტემას იღებს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ობიექტებში ბონუსებითა და ფასდაკლებებით ისარგებლოს.

გიორგი შარაშიძე: ”ეს არის ტურისტული გზამკვლევი, საიდანაც ტურისტი ფაქტობრივად, ყველა მისთვის საინტერესო თემაზე მიიღებს ინფორმაციას ინგლისურ ენაზე. ჟურნალი ხუთ მიმართულებას აერთიანებს, რომელსაც მოწვეული ავტორი, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები უძღვებიან და თავის გამოცდილებას უზიარებენ, რეკომენდაციას აძლევენ ჩვენს მკითხველებს. ასე რომ, ჟურნალის ყოველ ბლოკში მკითხველი გაეცნობა როგორც მოწვეული ავტორის ნამუშევარს, ასევე ჩვენი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ, სკრუპულოზურად დამუშავებულ ინფორმაციას, გადამოწმებულ ფაქტებს, როგორც ფასების, ასევე სამუშაო საათების შესახებ და ა.შ.

Where.ge ამავე დროს არის ფასდაკლების ბარათების ერთგვარი სისტემა, რომლის პირველი პრეცენდენტი გზამკვლევის პირველივე ნომერთან ერთად შევქმენით. ჟურნალს, თუ მას შეიძენთ (ფასდაკლების ბარათთან ერთად ჟურნალის ღირებულება 10 ლარია), ფასდაკლების 10 ბარათი მოჰყვება. ფაქტობრივად, თითო ბარათი მხოლოდ 1 ლარი ჯდება. თუმცა, უფასო პროდუქტებისა და ბენეფიტების ჯამური მოცულობა, რასაც ტურისტი მიიღებს, 170 ლარის ღირებულების ბონუსია, რომლითაც სხვადასხვა ობიექტში სტუმრობისას ისარგებლებს“.ჟურნალი where.ge უკვე იყიდება. მსურველს მისი შეძენა ფასდაკლების ბარათებთან ერთად ყველა იმ სუვენირების მაღაზიაში შეუძლიათ, რომლებიც ტურისტებისთვის მიმზიდველ უბნებში მდებარეობს. თუმცა ტურისტებს იმის შესაძლებლობაც ეძლევათ, სასტუმროებსა თუ კაფე-რესტორნებში უფასოდ მიიღონ ჟურნალი, ფასდაკლების ბარათების გარეშე.

 

 

წყარო: Bpn.ge