ეკონომიკა

საწვავის მსოფლიო ფასების ვარდნის ფონზე ქართული ნავთობკომპანიების მოგების მარჟა იზრდება

საწვავის გაიაფება უფრო მაღალი ტემპით უნდა მოხდეს

მსოფლიოს საფონდო ბაზრები მკვეთრად ეცემა – აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ნავთობის ფასის დაცემა მთელ მსოფლიოში.

მსოფლიო ტენდენციებს ქართული საწვავის ფასებზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია და სავარაუდოდ, არც მოახდენს, რადგან ქართველ იმპორტიორებს უკვე მრავალი წელია, საკუთარი რკინის არგუმენტი გააჩნიათ – საწვავის იმპორტიორთა მტკიცებით, მათ წინასწარ, მაღალ ფასად ჰქონდათ მარაგები შეძენილი და ამიტომ, ბენზინი მნიშვნელოვნად ვერ გაიაფდა. მაშინ როცა ნავთობის ფასის ვარდნა თითქმის ყველა ქვეყაანაში აისახა საწვავის ფასზე.

ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია(აფბა), ქართული საწვავის ბაზარზე არსებული ფასების კლების ტენდენციას შეუსაბამოდ მიიჩნევს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად.

აფბას ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და 7-წლიან მინიმუმზეა; ნიუ-იორკის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი 2.23 დოლარით შემცირდა და 38.06 დოლარი შეადგინა – ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა.

როგორც ბაირახტარი განმარტავს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ირანისთვის მოხსნილი სანქციები. „ოპეკის“ ქვეყნები ბაზარზე საკუთარი წილის შესანარჩუნებლად იძულებულნი არიან მოპოვება გაზარდონ, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ყველა ქვეყანას მოპოვება სხვადასხვა ფასი უჯდება, რიგ შემთხვევებში ქვეყნები ნავთობს საკუთარი ეკონომიკისთვის არახელსაყრელ ფასად ყიდიან. დღეისათვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი საუდის არაბეთია“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, ცვლილება მოხდა ქართული საწვავის ბაზარზეც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობკომპანიებმა ფასი 3–5 თეთრით შეამცირეს.
თუმცა აფბას კითხვები უჩნდება, რამდენად ადეკვატურია ეს შემცირება გარე ფაქტორების გათვალისწინებით. აფბას ანალიზის თანახმად, მარტო ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 22,44%-ით შემცირდა, საქართველოში კი ეს შემცირება 2.5%-ს არ აღემატება.

„ნავთობის ფასი ბოლო 2 თვეა დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, უფრო დეტალურად კი ივლისის თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 23.3%-ით იყო შემცირებული ივნისის თვესთან შედარებით, მსგავსი შემცირების მიუხედავად, საქართველოში ივლისის თვეში არცერთ კომპანიას არ შეუმცირებია ფასები. მაგალითისთვის ამერიკაში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი უკვე ჩამოვიდა 0.62 ცენტზე, რაც დღევანდელი კურსით 1.46 ლარს უდრის.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციაც, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად, ქართული საწვავის ფასი მაინც არ გამოდის ადეკვატური, იმდენად რამდენადაც, ლარი ბოლო 2 თვეში გაუფასურდა 5.08%–ით, მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ბოლო 3 თვის მანძილზე 45.74 %–ით შემცირდა“, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ასევე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება Platt s-ის მიხედვით, რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი. კერძოდ, დღეისთვის ბენზინის საერთაშორისო ფასი Platt s-ის მიხედვით შეადგენს 481,75 დოლარს/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის საწვავის ფასი – 431.00 დოლარს/ტონაზე.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ დღეისთვის ერთი ტონა ბენზინის ფასი დაახლოებით 1130 ლარია, საცალო ქსელში კი ლიტრი 1.95 ლარად იყიდება. გავიხსენოთ, რომ საწვავის ფასების ისტორიული მაქსიმუმის პირობებში, როდესაც ერთი ტონა ბენზინის ფასი 1070 დოლარი იყო, ანუ იმდროინდელი ლარი–დოლარის შეფარდების გათვალისწინებით 1800 ლარი ღირდა, საცალო ქსელში მაშინ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 2 ლარი იყო. ამ მონაცემების თანახმად, ირკვევა, რომ დღეს კომპანიებს გაცილებით მაღალი მოგება რჩებათ ვიდრე საწვავის ფასის ისტორიული მაქსიმუმის პირობებში.