„სენტაპეტროლიუმი“ კეზერაშვილის წინააღმდეგ – რატომ არის ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო?!
„სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნას საეჭვოდ მიიჩნევენ.
ამის შესახებ განცხადება “სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლებმა და სისხლის სამართლის საქმეში მათი ინტერესების დამცველმა გააკეთეს.
ადვოკატის, ნანა ფრიდონიშვილის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მას უნდა შეეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, თუმცა დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის შეფასება.
“ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივარის საფუძველზე, 2013 წლიდან, ასევე აღძრულია სისხლის სამართლის #074080113802 საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 181-ე (გამოძალვა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 25 აგვისტოს გამოძიებამ დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები.
გამოძიება ექსპერტიზისგან პასუხს ითხოვდა შემდეგ შეკითხვებზე: 1.რა თანხას შეადგენდა შპს “სენტაპეტროლიმი”-სა და შპს „ბემონი“-ს აქტივების საბაზრო ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის; 2. რა თანხას შეადგენდა შპს „სენტაპეტროლიუმი“-სა და შპს „ბემონი“-ს წილების საბაზრო ღირებულება სხვა საწარმოებში; 3. რა თანხას შეადგენდა შპს „სენტაპეტროლიუმი“-სა და შპს “ბემონი“-ს, როგორც ბიზნეს საწარმოს
საბაზრო ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების მომეტისათვის.
ექსპერტიზა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო დაფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გამოძიებას რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.
გამოძიება შესაბამისი წერილით მომართავდა შპს “სენტაპეტროლიუმი”-სა და შპს “ბემონი”-ს დირექტორებს ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს, რომლებიც თავის მხრივ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიებას აწვდიდნენ მითითებულ დოკუმენტაციას.
გამოძიება კი, აღნიშნულს ექსპერტიზას გადასცემდა. 2016 წლის 29 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გასცა დასკვნა და სამივე შეკითხვის პასუხად, აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა 22 200 000 აშშ დოლარით (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა).
სამოქალაქო დავის პროცესში გაირკვა, რომ 2016 წლის ივნისში შპს “სანპეტროლიუმჯორჯია”-მ სამხარაულის ექსპერტიზის იმავე დეპარტამენტს დაუკვეთა ექსპერტიზის ჩატარება და ითხოვდა აქტივების შეფასებას, თუმცა აღნიშნულზე გიორგი ჩადუნელმა, მის მიერ გაცემული დასკვნით უპასუხა, რომ ექსპერტიზა ვერ გასცემდა სათანადო დასკვნას, რადგან “სანპეტროლიმჯორჯია”-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
2016 წლის ივლისში „სანპეტროლიუმჯორჯია“-მ ისევ დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარება იმავე საკითხთან დაკავშირებით და ექსპერტიზისგან ითხოვდა შპს “სანპეტრლიუმჯორჯია”-სა და შპს “ჯორჯიანპეტროლიუმექვითიზ”-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “ბემონი”-სა და შპს “სენტაპეტროლიუმი”-საგან შეძენილი აქტივების ღირებულების განსაზღვრას.
ივნისში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გიორგი ჩადუნელი მიუთითებდა, რომ „სანპეტრლიუმჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან, როგორც ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ქონების ღირებულება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებისგან მოიპოვა “სენტა”-სადა “ბემონი”-სგან მიწოდებული საჭირო დოკუმენტაცია, დასკვნის გაცემაც აღარ “გაჭირვებია”.
25 აგვისტოს, გამოძიების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, 29 თებერვალს გიორგი ჩადუნელმა დასკვნა გასცა და შემდეგ, 17 დღეში, 17 მარტს, “სანპეტროლიუმჯორჯია”-ს მიერ ივლისში დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც არ დააყოვნა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის მიერ გაცემული ორივე დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულებები დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს გიორგი ჩადუნელი დაიკითხა სამოქალაქო საქმეზე.
მან განაცხადა: “ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არა ბიზნესი”.
სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, გიორგი ჩადუნელმა 2015 წლის 9 ნოემბერს წერილით #5005787415 მიმართა გამოძიებას დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე და მოითხოვა გამოძიებას დაეზუსტებინა ექსპერტიზისთვის კონკრეტული საკითხი: „გთხოვთ, დაგვიზუსტოთ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი: კერძოდ, რა თანხას შეადგენს შპს „ბემონის“ და შპს „სენტაპეტროლიმის“, როგორც ბიზნესსაწარმოს, საბაზრო ღირებულება? გულისხმობს თუ არა ერთიანი ბიზნესის საბაზრო ღირებულების დადგენას, თუ ცალ-ცალკე კომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენას?”.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა თავადვე მიაღწია იმას, რომ მის მიერ გაცემული ორივე დასკვანა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დადგეს, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეში”,- განაცხადა ადვოკატმა, ნანა ფრიდონიშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა კეთილსინდისიერ მეპატრონეებს – “სენტაპეტროლიუმსა” და “ბემონს” წილი იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა “გალფის” ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე – “სანპეტროლიუმჯორჯია Sun Petroleum Georgia”-სა (ყოფილი შპს “სანოილჯორჯია”) და შპს “ჯორჯიანპეტროლიუმზე”.
მისივე ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ბრალდებულ (ძებნილ) დავით კეზერაშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა მოსარჩელეთა ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და ამავდროულად, შპს “ბემონის” დირექტორებთან, ზაალ იაკობიძესთან და დავით მიმინოშვილთან, რომელ შეხვედრაზეც კეზერაშვილმა მოითხოვა შპს “ბემონისა” და შპს “სენტაპეტროლიუმის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე მიყიდვა, შეუსაბამოდ დაბალ ფასად – 28,000,000 აშშ დოლარად, რომელი ფასიც განხილვას არ ექვემდებარებოდა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა.
“აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრას, რომელზც მოსარჩელეებს კატეგორიულად თხოვდნენ ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, უარის შემთხვევაში, შეექმნებოდათ პრობლემები და საერთოდ დაკარგავდნენ ბიზნესს. ყოველი ასეთი შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებული თანხა თვითნებურად და ერთპიროვნულად მცირდებოდა კეზერაშვილის მიერ და ფასი საბოლოოდ შემცირდა 22,200,000 აშშ დოლარამდე. მოსარჩელეები იმ პერიოდში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი შეიქმნენ, დაეთმოთ ბიზნესაქტივები მიზერულ, ანუ რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით 4-ჯერ უფრო მცირე ფასად, კეზერაშვილის მიერ მითითებული კომპანიებისთვის – შპს “სანპეტროლიუმჯორჯია Sun Petroleum Georgia”-სა (ყოფილი შპს “სანოილჯორჯია”) და შპს “ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი”-სთვის გადაცემით, რაც განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა ბათილად ცნობაც წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის ძირითად მოთხოვნას”,- აცხადებს ადვოკატი.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე გაიმართება.