ეკონომიკა

სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა

2016 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,3%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,1 % შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,5 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების 0,9 პროცენტით მატებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,30 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (4,4 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (4,3 პროცენტი), აგრეთვე ხილისა და ყურძნის (3,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (1,6 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების (0,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; 1,0 პროცენტით ფასების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე -0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (-3,3 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 11,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (18,4 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (5,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 4,8 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (5,5 პროცენტი): მოცემულ პერიოდში ფასების 7,8 პროცენტით კლებაა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-18,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-10,9 პროცენტი).