მსოფლიო

სერჟ სარგსიანი: ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას

სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, – განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

„ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ხალხთა თვითგამორკვევის უფლება არანაირად არ ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ხოლო თვითგამორკვევა – ქვეყნის დედაქალაქსა და ხალხს, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობს ცივილიზებულ სამყაროში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა საკითხი ძალის გამოყენების გარეშე უნდა გადაწყდეს.

„ყველა საკითხი ძალის გამოყენების გარეშე უნდა გადაწყდეს. თუ ჩვენ უარს ვამბობთ ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპზე, მაშინ არ უნდა გამოვსულიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ეს კი ამ პრინციპის საფუძველზე მოხდა. ამიტომაც, ეს პრინციპები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.