საზოგადოება

“სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა ვიქტორ დოლიძესთან, ისევე როგორც ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან”

თუკი იქნება სამომავლოდ ურთიერთობის შესაძლებლობა, სიამოვნებით გვექნება ვიქტორ დოლიძესთან ურიერთობა, ისევე როგორც ვახტანგ ხმალაძესთან, ნოდარ ებანოიძესთან, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ შესაძლო მომავალი ურთიერთობის არგუმენტად ის დაასახელა, რომ აღნიშნულ დეპუტატებს სახელმწიფობრივ პოზიციაზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებიათ.

„საუბარი იყო, რომ გამორიცხული არ არის გარკვეულ თემებზე საუბარი და თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორის მისამართით. საუბარი მინისტრობის თაობაზე არ ყოფილა. ნათქვამი იყო და მოყვანილი იყო, როგორც პოზიტიური მაგალითი. ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან პოზიტიურია, რომ ადამიანები იმყოფებიან ოპონირების რეჟიმში და საქმიანობის დროს ითვალისწინებენ სახელმწიფოს ინტერესებს უპირველეს ყოვლისა, ვიქტორ დოლიძე ამის კარგ მაგალითად იყო მოყვანილი, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ მინისტრად მისი დანიშვნის თაობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რას გულისხმობს თანამშრომლობაში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ სხვანაირი თანამშრომლობა, თუ არა მინისტრად დანიშვნა და მე გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანია, როცა ოპონირების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მუშაობს პარლამენტში და სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდის“.

ვოლსკის შეფასებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მითუმეტეს მაშინ, როცა ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება ხდება.

„კიდევ ითქვა ის, რომ თუკი იქნება სამომავლოდ ურთიერთობის შესაძლებლობა, სიამოვნებით გვექნება ვიქტორ დოლიძესთან ურიერთობა, ისევე როგორც მე ვფიქრობ, ვახტანგ ხმალაძესთან, ნოდარ ებანოიძესთან. არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ გადაცდნენ იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა ჰქვია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.