საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: სფფ-ს მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული ეთიკის კოდექსი

სპორტის სამინისტროს მიერ UEFA-ს გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს წერილის საპასუხოდ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო UEFA-ს პოზიციას სრულიად იზიარებს“

სამინისტრო მიიჩნევს, რომ სფფ-ს აღმასკომის მხრიდან, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ იმ დარღვევების, შესახებ ინფორმაცია, რომელიც მათ UEFA-ს მიაწოდეს, ჯერ სამინისტროსთვის ეცნობებინათ, რათა მომხდარიყო მათზე დროული რეგირება.

„ყურადღებით გავეცანით UEFA-ს გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს წერილს, რომელიც სფფ-ს მიერ ელექტრონული ფოსტით 2015 წლის 14 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში იქნება გადმოგზავნილი.

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქმის წარმოების წესიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმჯობესია მსგავსი წერილები ოფიციალური მიმოწერის სახით შემოიტანის სახელმწიფო უწყებაში, რომელიც უფლებამოსილი პირის ხელმოწერით იქნება დადასტურებული.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული მასალებით არის ინფორმირებული წინასაარჩევნო პროცესების შესახებ და უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული გაუგებრობები პროცესებს მართლაც თან ახლავს და ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ, აქვე შევნიშნავთ, რომ ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, უმჯობესი იქნებოდა დროულად მოეხდინათ სამინისტროს ინფორმირება ვინაიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ელექტრიონულ ფოსტაზე შემოვიდა უეფას წერილი, სადაც ბატონი ჯანი ინფანტინო გავალებთ, რომ აცნობოთ შესაბამის სამთავრობო უწყებას, ჩვენ ვალდებული ვართ რეაგირების გარეშე არ იქნას დატოვებული არც ერთი საკითხი, რომელიც უეფას ინტერესის საგანი გახდა და ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ასპექტზე, რომელიც შეუიარაღებული თვალით ჩანს, რომ სფფ-ს მხრიდან განმარტებებს საჭიროებს, როგორც უეფას, ასევე ქართული საფეხბურთო საზოგადოების მისამართით, კერძოდ:

1.ზედმიწევნით ვიზიარებთ ბატონი ჯანი ინფანტინოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ საკითხები და საარჩევნო პროცესები უნდა განხორციელდეს სფფ-ს წესდების და რეგულაციების თანახმად. მაგალითისთვის; სფფ-ს აღმასკომმა არ უნდა დაარღვიოს თავისივე წესდების მუხლი 21, პუნქტი 2 მოთხოვნები სადაც აღნიშნულია, რომ „დელეგატები უნდა ეკუთვნოდეს წევრს, რომელსაც წარმოადგენენ და დაინიშნონ ან აირჩიონ წევრის სათანადო ორგანოს მიერ. მათ უნდა შეეძლოთ სფფ-ს მოთხოვნისთანავე წარმოადგინონ  ამის დადასტურება“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე დევს ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სადაც აღნიშნულია, რომ გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. რაც მან ერთპიროვნულად გააკეთა. ხოლო აღმასკომს ამის თაობაზე რეაგირება არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადად ჩანს, რომ სფფ-ს აღმასკომი არღვევს სფფ-ს წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს, როდესაც გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად ერთპიროვნულად, მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და არა გამგეობის ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ადგენს კანდიდატებს სფფ-ში.

2.სფფ-ს წესდების მე-7 მუხლი განმარტავს, რომ „სფფ-ს ორგანოებმა და ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიცვან სფფ-ს ფიფას და უეფას წესდებები,  აგრეთვე ფიფას ეთიკის კოდექსი და სფფ-ს ეთიკის კოდექსი, რომელიც დადგენილია სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ“. ხოლო თავის მხრივ სფფ-ს ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლი – ინტერესთა კონფლიქტი განმარტავს შემდეგს:

  1. დანიშვნამდე ნებისმიერ თანამდებობაზე კანდიდატმა უნდა ამოწუროს ნებისმიერი პირადი ინტერესი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მომავალ საქმიანობას.

II.მოვალეობის შესრულებისას, ოფიციალურმა პირმა უნდა ამოწუროს ყველა სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა იგი ინტერესთა კონფლიქტამდე მიიყვანოს. ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც ოფიციალურ პირს აქვს ან უჩნდება კერძო ან პირადი ინტერესები, გულისხმობს გარკვეული სახის უპირატესობის მიღებას ოფიციალური პირის, ან მისი ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისთვის.

III.ოფიციალური პირი შესაძლოა ასრულებდეს გარკვეული სახის  საქმიანობას, რომელიც  ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელშიც ეს პირი მუშაობს“, – ნათქვამია წერილში.

აქვე სამინისტრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მხრიდან არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ცხადია, რომ სფფ-ს მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის სამივე პუნქტი, როდესაც დელეგატებად სფფ-ს სხვადასხვა წევრმა ხუთზე მეტი პიროვნება და, მათ შორის, ნაკრების მწვრთნელი წარადგენს ყრილობების დელეგატებად, რომლებიც სფფ-ს თანამშრომლები არიან და რომლებმაც ხმა იმ პერიოდისთვის მის უშუალო ხელმძღვანელს – გენერალურ მდივანს უნდა მისცეს.

ეთიკის კოდექსი დარღვეული იქნა თავად პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ, როცა მან დროულად არ მოიხსნა თავისი უფლებამოსილება. ამასთან საინტერესოა, აცნობეთ თუ არა ამის შესახებ უეფას, ვინაიდან პუნქტი III ამას პირდაპირ გავალდებულებთ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ის აბსოულუტურად იზიარებს უეფას პოზიციას იმის თაობაზე, რომ სფფ სრულად არის უფლებამოსილი გამოიყენოს თავისი მარეგულირებელი ჩარჩო სამუშაო პროცესში.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სრულიად იზიარებს უეფას პოზიციას იმის თაობაზე, სფფ სრულად არის უფლებამოსილი გამოიყენოს თავისი მარეგულირებელი ჩარჩო სამუშაო პროცესში. თუმცა, აქაც აღვნიშნეთ, რომ ეს მარეგულირებელი ჩარჩოები არ უნდა იქნას დარღვეული თავად ფფ-ს აღმასკომის მიერ, როგორც ეს ამ წერილის პირველ მუხლში არის აღნიშნული“

–  ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც UEFA-ს გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს გაეგზავნა.