სტაჟირება საქართველოში – იცავს თუ არა კანონი სტაჟიორის უფლებას
სტაჟირებას საქართველოში კანონი არ არეგულირებს, არ არსებობს სტაჟირების ერთიანი წესი. შესაბამისად, დამსაქმებელი იმდენი ხნით ასაქმებს სტაჟიორს, რამდენიც მას სურს, იქნება ეს რამდენიმე თვე თუ წელი.
რა ჩანაწერი არსებობს შრომის კოდექსში სტაჟიორებზე, ამ კითხვით Allnews.ge-მ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს, ნონა ქურდოვანიძეს მიმართა. როგორც იურისტმა განმარტა, სტაჟირება შესაძლოა სხვადასხვა ფორმით თავად დამსაქმებელმა გადაწყვიტოს, ვინაიდან კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის.
“საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირი საქმიანობდეს გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მაშინ, როდესაც უნდა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება პირის გამოცდილება იმ პოზიციას, რომელიც შემდგომ შეიძლება დაიკავოს არა გამოსაცდელი ვადით, არამედ მაგალითად უვადოდ.
კანონის მიხედვით, დასაქმების მსურველთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს არაუმეტეს 6 თვის ვადით, ამასთან, ეს არის ანაზღაურებადი სამუშაო და ანაზღაურების წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ეს არ არის სტაჟირება, ეს არის შრომის ურთიერთობა დასაქმებულასა და დამსაქმებელს შორის, სტაჟირებასთან დაკავშირებით ცალკე რეგულაცია საქართველოს შრომის კოდექსში არ არის”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
Allnews.ge იმ ახალგაზრდებსაც ესაუბრა, ვინც სტაჟირება რამდენიმე ადგილას გაიარეს, თუმცა არსად აუყვანიათ სამუშაოდ. (რესპონდენტების თხოვნით შეცვლილია მათი გვარები).
ნინო ბარამაშვილი ერთ-ერთია, ვინც სპეციალური პროგრამის საშუალებით საჯარო სამსახურში სტაჟირება გაიარა, თუმცა ის არ აიყვანეს. ამას გარდა, იგი ნეპოტიზმის პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა.
“უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარჩინებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირება გამოაცხადა, მეც გამოვიყენე შანსი რეგისტრაცია გავიარე, პროგრამა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განაწილდა და შესაბამისად ერთ-ერთ რეგიონში სამთავრობო დაწესებულებაში (არ ვასახელებ იმ კონკრეტულ რეგიონს, რადგან მიმაჩნია აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა რეგიონშია) მომიწია და მივაკითხე კიდეც.
გავიარე სტაჟირება სრულად 6 თვე, მაგრამ წინასწარვე ვიცოდი რომ სამსახურზე ფიქრი ან სტაჟირების შემდეგ დატოვება გამორიცხული იყო, ეწყობოდა კონკურსები, რომელშიც უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, იგივე მეორდებოდა გასაუბრების ეტაპებზე, მაგრამ კონკრეტულ ადგილს კონკრეტული პირი ფლობდა კონკურსის გამოცხადებიდანვე და მისი დასრულების შემდეგაც, ე.წ. კონკურსი მხოლოდ თვალის ახვევა და ხალხის მოტყუება იყო.
ეს პროგრამა იმას ემსახურებოდა, რომ აღმოეჩინათ კარგი კადრი და თუ სურვილი გაუჩნდებოდათ დაეტოვებინათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემ მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო არც იმას დატოვებდნენ, რადგან წინასწარ არის ნაცნობობით განსაზღვრული ადგილები. გამუშავებენ და ბოლოს ღიმილითა და ბოდიშის მოხდით გიშვებენ, გეუბნებიან, რომ ვერ აგიყვანენ, რადგან თავისუფალი ადგილი არ აქვთ”, – ამბობს ნინო ბარამაშვილი.
“სტუდენტობისას, 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ვიყავი სტაჟირებაზე. ყველაზე დიდხანს, ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტტელევიზიაში ვმუშაობდი სტაჟიორად, თავიდან სხვებს დავყვებოდი სიუჟეტებზე, მერე დამოუკიდებლად ვაკეთებდი, მაგრამ სტაჟიორი მერქვა და ხელფასს არავინ მიხდიდა, შეიძლება ითქვას, სტაჟიორი კომპანიაში ყველაზე დაჩაგრული კადრია, იყენებენ მის რესურსებს, თუმცა ანაზღაურებას არავინ აძლევს. თავიდან არ გეუბნებიან რომ აგიყვანენ, მერე როცა დრო გადის გპირდებიან დასაქმებას, თუმცა სადაც ვიყავი, ყველგან მეუბნებოდნენ, რომ საკმარისი კადრი გყვავს ან იმის საშუალება არ გვაქვს, რომ თქვენც აგიყვანოთ და გიშვებენ უკან, შეგიძლია დარჩე, მაგრამ ისევ სტაჟიორი იქნები.
საქართველოში სტაჟირების პრობლემა ახალი არ არის. არავინ აქცევს ყურადღებას და თავის ნებაზეა მიშვებული, ზოგი წლობით არის სტაჟიორი იმ იმედით რომ აიყვანენ და მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ თავისი პროფესიით იმუშაოს”, – ამბობს ლიკა ბერიძე.
ამგვარად, მიუხედავად ახალი შრომის კოდექსისა, სტაჟირებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დამსაქმებელს სტრაჟიორის შემდგომ დასაქმებას დაავალდებულებს. მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გაწეული შრომის სანაცვლოდ სტაჟიორისთვის გარკვეული ანაზღაურების უზრუნველყოფა.
წყარო: Allnews.ge