დიზაინერი ზვიად ციკოლია პირველ ქართულ თვითმფრინავს ქმნის
დიზაინერი ზვიად ციკოლია თვითმფრინავს აგებს და მის სერიულ წარმოებასაც აპირებს. ეს არის ერთადგილიანი თვითმფრინავი, რომელიც პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტის განხორციელების იდეა ფინანსების სიმცირის გამო შეფერხდა. ახლა კი, დიზაინერი, ამ წამოწყების ბოლომდე მიყვანას აპირებს. გამოცემა „მარკეტერთან“ საუბრისას მან ისაუბრა, თუ როგორ გაუჩნდა თვითმფრინავის აგების იდეა და რა გეგმები აქვს პროექტთან დაკავშირებით. დიზაინერი ამბობს, რომ თვითმფრინავი თანამედროვე მასალების გამოყენებით მზადდება, რომელიც უცხოეთიდან ჩამოდის. მისივე თქმით, ამ პროექტის მარტო გაკეთება რთულია, ამიტომ მეგობრებიც ეხმარებიან. ციკოლიას განმარტებით, თვითმფრინავი ერთადგილიანი, სპორტული და პირადი მოხმარებისაა. ამასთან შეიძლება სხვადასხვა მისიაც დაეკისროს: თვითმფრინავი გამოსადეგი იქნება მოკლე მანძილებზე გასადაფრენად და საზღვრებზე პატრულირებისთვის. შესაძლებელია სარეკლამო ფუნქციაც შეითავსოს და კომპანიის სარეკლამო ბანერები გაუკეთდეს.
„ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რადგან ტექნოლოგიური პროცესი სწორედ ზაფხულის პირობებს ითხოვს” – ამბობს ციკოლია. მისივე თქმით, თვითმფრინავის აწყობის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია მისი სერიული წარმოება.
დიზაინერის განცხადებით, პირველი ქართული თვითმფრინავი არ გაიყიდება მხოლოდ საქართველოში, ორიენტირი გაკეთდება ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე. ზვიად ციკოლია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მთავრობა მცირე ავიაციის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს და ხელს შეუწყობს ამ სფეროში წამოწყებულ სხვა პროექტებსაც.