04/05/2024
Latest:
საზოგადოება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“ გამართა

თბილისში, საქართველოს პარლამენეტის შენობის წინ დღეს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პარლამენტის წინ თეატრალიზებული ფორმით 250 წყვილი ფეხსაცმელი დააწყვეს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველკვირეულად სწორედ ამდენი ადამიანი იღუპება თამბაქოს აქტიური მოხმარების ან პასიური მწეველობის გამო.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები.

გიორგი ბახტურიძის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებში იგულისხმება ის, რომ თამბაქოს მოწევის უფლება აიკრძალოს დახურული სივრცის შენობებში, ტრანსპორტში და ასევე აიკრძალოს მისი რეკლამა და პოპულარიზაცია.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი არის თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი და აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, საქართველო არ დაემსგავსოს გაზის კამერას, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსად ადამიანები მომწამლავი, ამ შემთხვევაში, თამბაქოს კვამლით იღუპებიან.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მათთვის უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შესაქმნელად. პარლამენტის თითოეულ წევრს ოფიციალურად მიეწოდა ინდივიდუალური მიმართვა, რომ 7 სექტემბრის საპარლამენტო სესიაზე ხმა მისცეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ოფიციალურად ხდებიან მკვლელობის მონაწილე, რომლის შედეგად ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 ათასი ადამიანი იღუპება. 2013 წლის მარტიდან, როდესაც შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია ჩაირთო სიკვდილის მრიცხველი, რომლითაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვახსენებდით და მოვუწოდებდით, რომ აეკრძალათ თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, აეკრძალათ თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და ხელი შეეშალა მისი პოპულარიზაციისთვის. აღნიშნული კომისიის უმოქმედობის გამო, ამ პერიოდში დაიღუპა 37 412 უდანაშაულო ადამიანი. ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტი საქმიანობის დასასრულს მაინც გაითვალისწინებს ვალდებულებებს და სამარცხვინოდ არ დაასრულებს საქმიანობას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

250 ფეხსაცმელი პარლამენტის შენობის წინ – რას მოუწოდებენ კანონმდებლებს პერფორმანსით

წყარო: ინტერპრესნიუსი