საზოგადოება

„საარსებო მინიმუმის დღევანდელი მაჩვენებლები საკუთარი თავის მოტყუებაა“

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის დონეა. საარსებო მინიმუმის კვლევა და ანალიზი აქტუალურია, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის.

დღეის მდგომარეობით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157 ლარს და 30 თეთრს შეადგენს. საშუალო ოჯახის ერთთვიანი საარსებო მინიმუმი 263,9 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ერთსულაინი ოჯახის საარსებო მინიმუმი 139 ლარია, ორსულიანის 222,9 ლარი, ხოლო სამსულიანის კი 250,8 ლარი. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ოთხსლულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 278 ლარს შეადგენს, ხუთსულიანის 313 ლარს, ხოლო ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი 370 ლარია. ცხადია, საარსებო მინიმუმის ასეთი მონაცემები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, რა თქმა უნდა, ადამიანის ღირსეულად საარსებოდ აღნიშნული ოდენობის თანხები ცალსახად საკმარისი არ არის.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. „საქსტატის“ მიერ გამოყენებული შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდის მიხედვით, აღნიშნული სასურსათო კალათა მოიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კ.კალორიას შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების აზრით მინიმუმ 2500.0 კ.კალორია არის საჭირო დღიური მოხმარებისთვის და ამასთან, აუცილებელია საკვები პროდუქტების მრავალფეროვნება.

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით, დისკუსიები საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთი სახით აღნიშნული ინდექსის დათვლა საკმაოდ მოძველებული და მანკიერი პრაქტიკაა. თუმცა, ამ დრომდე, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას კვლავ შორეული პერსპექტივა აქვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მინიმალური სასურსათო კალათის და საარსებო მინიმუმის ობიექტური კვლევა, არ არის დამოკიდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა არ გულისხმობს სოციალური პაკეტების მყისიერ ცვლილებას. საარსებო მინიმუმი ნიშნავს იმ ორიენტირს, რაზეც სახელმწიფომ ეტაპობრივად უნდა მოახდინოს სოციალური პოლიტიკის სწორება.

როდესაც საარსებო მინიმუმის დათვლის თავისებურებებზე არის საუბარი, აუცილებელად აღსანიშნავია მისი ცვლილების დინამიკა წლების განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მოსახლეობის სოციალური თანასწორობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესება, თითქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათი სოციალური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებდა და სოციალური სისტემის თვისებრივი გაჯანსაღებისგან შორს იდგა. ამ მოსაზრებას ამყარებს საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებული მიდგომა. კერძოდ, წლების განმავლობაში 1997 წლიდან 2003 წლამდე საარსებო მინიმუმი იზრდებოდა და მაქსიმალურ ნიშნულს 2003 წელს მიაღწია (130.7 ლარი). მომდევნო წელს საარსებო მინიმუმი 1.6-ჯერ შემცირდა, რაც გამოწვეული იყო სასურსათო კალათაში შემავალი საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების შემცირებითა და ძვირადღირებული პროდუქტების შედარებით იაფფასიანი პროდუქტების ჩანაცვლებით, ხოლო სასურსათო კალათის ფულადი ღირებულების შემცირებამ განაპირობა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების შემცირება.კალორიების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2003 წლამდე საქართველოში სასურსათო კალათის დღიური ნორმა 2500 კილოკალორიაზე ითვლებოდა, 2003 წლის შემდეგ კი 2300 კილოკალორიაზე ანგარიშდება.

ცხადია, საარსებო მინიმუმის ამ დონით შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობებდა სიღარიბის დონის კლებას, რაც მიღწეულ იქნა არა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შედეგად, არამედ სიღარიბის ზღვარის ხელოვნურად დაწევის საშუალებით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების მიხედვით, სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში 70/30-იანი პროპორციით არის წარმოდგენილი. კალათის მთლიანი მოცულობის 70 პროცენტი მხოლოდ ფიზიკურად საარსებო საკვებ საშუალებებზე მოდის, ხოლო 30 პროცენტი დანარჩენი საჭიროებების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგადად, მსოფლიოში ცხოვრების დონის განვითარების პარალელურად, ასეთი სახით პროპორციების გადანაწილება საკმაოდ მოძველებული პრაქტიკაა და ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პროპორცია ხშირ შემთხვევაში, 60/40 და 50/50-ზეც კი მოდის. ბუნებრივია, აღნიშნული პროპორციების გადაანგარიშება აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად განისაზღვროს ადამიანის ღირსეულად და არა ფიზიკურად არსებობის ხარჯები.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია სტატისტიკის სამსახურის მიერ პირველ რიგში მოხდეს არსებული მეთოდოლოგიის ჩანაცვლება თანამედროვე დათვლის სტანდარტების შესაბამისად. რამდენადაც, რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა თვისებრივად შეცვლის არსებულ სოციალურ პოლიტიკას და საპენსიო ან მინიმალური სოციალური დახმარებების გაცემის ორიენტირი გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე დღეს არის. ცხადია, რთულია კონკრეტულად იმ რიცხვის დასახელება თუ რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, თუმცა ეს ტექნიკური საკითხია და აღნიშნულ პროცესში ბევრი მხარე უნდა იყოს ჩართული.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მეთოდოლოგიის ზემოთ მოყვანილი ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, საარსებო მინიმუმის დღევანდელი მაჩვენებლები საკუთარი თავის მოტყუებაა და დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა. შესაბამისად, არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ერთმნიშვნელოვნად უნდა დაფიქსირდეს მოქალაქის ღირსეულად საარსებო საჭიროებებისთვის განსაზღვრული თანხები.

გარდა ამისა, ასევე, მიუღებელია მეთოდოლოგიური ცდომილებების აღმოფხვრის გაჭიანურების საკითხი. აღნიშნული საკითხის მოგვარებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, რამდენადაც, არსებული სოციალური პოლიტიკა თავდაყირა დადგება. მით უფრო, თითქმის ყველა არჩევნებზე ასევე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან ისმის დაპირება, რეალური საარსებო მინიმუმის ახლებური სტილით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ანდრია გვიდიანი,

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია