2017 წელს საქართველოში 26 სპორტული კომპლექსი აშენდება
152 მილიონი ლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
ოლიმპიადა დასრულდა, თუმცა სპორტი და მისი განვითარება კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. მიმდინარე ოლიმპიურმა თამაშებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს სპორტის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსების დახარჯვა სჭირდება, რათა რეალური კონკურენცია გაუწიოს როგორც რეგიონის ქვეყნებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. მართალია, მიმდინარე ოლიმპიადაზე ჩვენ 38–ე ადგილი დავიკავეთ, 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოც მოვიპოვეთ, მაგრამ ფაქტია, რომ სხვადასხვა სპორტის სახეობებისა თუ კონკრეტულად სპორტსმენების ხელშეწყობის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი მიზნების მიღწევასაც შევძლებდით. ეს ყველაფერიც იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები უამრავ ფინანსურ რესურსს ხარჯავენ სხვადასხვა სპორტის სახეობის ხელშეწყობისთვის.
რამდენად მნიშვნელოვანია სპორტისთვის ფინანსური რესურსი, ამის ნათელი მაგალითია რაგბი და ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ფონდი ,,ქართუს» მიერ ჩადებული 100 მილიონიანი ინვესტიცია. რის შედეგადაც ქართული რაგბი იმ დონეზე განვითარდა, რომ მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს უკვე ტოლ–სწორადაც ვეჯიბრებით. რაგბის შემდეგ, გაცხადდა ქართული ფეხბურთის 5 წლიანი განვითარების პროგრამაც. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში 265 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა და ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი პროგრამაც შეიქმნა.
თუმცა ეს რომ საკმარისი არაა, ამაზე ყველა თანხმდება, არის კიდევ უამრავი სპორტის სახეობა რომლებსაც სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. ოლიმპიადის მიმდინარეობისას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ქართული სპორტისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
«არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული 4 წლის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობის და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საქართველო სპორტული ცენტრი გახდა რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, მოხმარდება სპორტის განვითარებას საქართველოში მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას», – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ტარიელ ხეიჩიკაშვილის განცხადებით, შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით მშენებლობა გაგრძელდება 1 წელი და დასრულდება 2017 წლის ივნისში. თანხის გადახდა განხორციელდება 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს კონტრაქტორის სახსრებით 2017 წლის მაისამდე. მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19- წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა.
სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში და 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი
152 მილიონიანი ლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 132 მილიონი ლარი დაიხარჯება და მრავალფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში – 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი. აქედან, სავარაუდოდ 10 საფეხბურთო სტადიონი იქნება. გარდა ამისა, პროექტის მეორე ეტაპი იანვრიდან დაიწყება და 20 მილიონი ლარი დაიხარჯება თბილისში ჭიდაობის ახალი სასახლის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობაზე.
გარდა აღნიშნული პროექტებისა, «ბანკები და ფინანსები» შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ.
ახალი სტადიონი თბილისის ზღვაზე
თბილისის ზღვის სანაპიროდან ზუსტად 700 მეტრში იგეგმება ,,დარიალი თბილისის» სტადიონის მშენებლობა, რომელიც საქართველოში მაყურებლის ტევადობით დინამო არენის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება სიდიდით, სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 950 000 ლარია.
უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 45 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონი განთავსდება თბილისის ზღვაზე რომლიც უეფას სრული მონაცემების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მთავარი არენა 11,4 ჰექტარ მიწაზე იქნება განთავსებული, არენის შიდა მდებარე ადგილზე განთავსდება ყველაზე დიდი ავტო პარკინგი, გარშემო გაშენდება ბულვარი, მოეწყობა პლიაჟი. ასევე მთავარი არენის გვერდით იქნება სათადარიგო მოედანიც.
2013 წელს დაარსებული თბილუსური საფეხბურთო კლუბის, «დარიალი თბილისის» სტადიონს ესპანური კომპანია «Project Managment» ააშენებს. სტადიონის გარშემო ასევე მოხდება განაშენიანება, სადაც ჩაიდგმება რამოდენიმე ათეული კორპუსი ალპჰა დეველოპმენტ-ის თანამშრომლობით. მშენებლობა წლის მიწურულს დეკემბრისკენ დაიწყება და სავარაუდოდ 2017 წლის იანვარში დასრულდება. პროექტის მიხედვით სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ტერიტორია, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები მოეწყობა.
სტადიონზე ასევე VIP ადგილები, მედიის სამუშაო ადგილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება. სტადიონის ავტოსადგომი 3000 მანქანას დაიტევს. სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება
ბათუმში მიმიდნარეობს საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით აშენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ
სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.
ბაკურიანში ჰოკეის 1000 კაციანი მოედანი გაიხსნება
საკმაოდ საინტერესო პროექტის დაწყების შესახებ დაანონსა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც მან ბორჯომ–ბაკუარიანში სტუმრობის დროს განაცხადა ბაკურიანში იგეგმება 1000 კაციანი ჰოკეის სტადიონის მშენებლობა.
,,წელს დავამთავრეთ დიდველის მიმდებარედ ზაფხულის სამთო ციგის ატრაქციონის დამონტაჟება; ფრანგულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ ბიატლონის ტრასის დამონტაჟება-პროექტირება, რომლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება; ბაკურიანში უნდა აღდგეს სატრამპლინო სკოლა. ამ ყველაფერს დაემატება ჰოკეის 1000-კაციანი მოედანი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე, დამატებით იქნება გასართობი, ახალგაზრდული ცენტრები, მათ შორის ბორჯომში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, აბასთუმნის კომპლექსთან ერთად, თვისობრივად სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ამ რეგიონის განვითარებას», – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან საქართველოში აქამდე ჰოკეის სტადიონი არ გვქონია. არადა, სპორტის მოყვარულთათვის ცნობილი იქნება, რომ ქვეყანაში არსებობს ჰოიკეის ვაჟთა ნაკრები, რომლებმაც წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე დივიზიონში, მეორე ადგილი დაიკავეს.
გიორგი კაპანაძე