28/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისი ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, რომელსაც მთავარი რეკრეაციული ზონა არ გააჩნია

ვაკის პარკი, მუშტაიდის ბაღი, 9 აპრილის პარკი, მთაწმინდის პარკი – ეს რეკრეაციული ზონების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისში მდებარეობს და სადაც თბილ დღეებში ძალიან ბევრ ადამიანს ნახავთ. თუმცა 1,2 მილიონიანი თბილისისთვის პატარა სკვერები საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომაც, უკვე რამდენიმე წელია თბილისელები ცენტრალური პარკის გაშენებას ითხოვენ, თუმცა ამაოდ.

თბილისს ცენტრალური პარკი ნამდვილად სჭირდება, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და მისი შესრულება ხელისუფლების ერთ-ერთი უპირველესი ვალდებულება და მოვალეობაა. თუმცა დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. იყო დაპირება, თუმცა მისი რეალობაში განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა. დედაქალაქისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი პარკის არსებობა, ამიტომ საჭიროა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ცენტრალური პარკის მოსაწყობად ტერიტორია მოიძიოს და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად.
ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, მაშინ ისიც ითქვა, რომ პარკის განაშენიანება 2012 წლისთვის დაიწყებოდა, თუმცა შემდომ აღნიშნული ტერიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილზე მშენებლობის ნებართვა გაიცა და დღეს იქ რეკრეაციული ზონა მინიმუმამდეა შემცირებული.

2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ რიგითმა თბილისელებმა ცენტრალური პარკის გაშენება ვერეს ხეობაში მოითხოვეს. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაც, გამართეს რამდენიმე აქცია, თუმცა მათი მოთხოვნა არც დედაქალაქის მერიამ და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

ახლა კი თბილისელებს ცენტრალური პარკის გაშენება საბურთალოზე, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სურთ. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში სპეციალური პეტიციაც კი გავრცელდა ასეთი მოწოდებით – „მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს “თბილისის ცენტრალური პარკი”, ეს ქალაქი ჩვენია!!!”.

„კომერსანტი” დაინტერესდა, თუ რას აპირებს ამ მიმართულებით თბილისის მთავრობა და საერთოდ, იგეგმება თუ არა დედაქალაქში ცენტრალური პარკის მოწყობა. როგორც მერიაში გვითხრეს, იპოდრომის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და იქ ცენტრალური პარკის მოწყობა შეუძლებელია. რაც შეეხება სხვა ტერიტორიას, მერიაში არც ამაზე ჰქონდათ კონკრეტული პასუხი. ქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება”.

არადა, დედაქალაქს რომ ცენტრალური პარკი სჭირდება, ყველა თანხმდება, მათ შორის რიგითი თბილისელები, რომლებმაც პეტიციას ხელი უკვე მოაწერეს, დეპუტატებიც და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

„მწვანეთა პარტიის” წევრი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე „კომერსანტთან” საუბრისას ამბობს, რომ თბილისს არა მარტო ცენტრალური პარკი, არამედ პატარა სკვერებიც უდა ჰქონდეს. ამის არგუმენტად ბრიტანული მოდელი მოჰყავს, სადაც განსაზღვრულია, თუ რა მანძილით უნდა იყოს რეკრეაციული ზონა დასახლებული პუნქტიდან დაშორებული.

„ჩვენ რომ ცენტრალური პარკი საბურთალოზე გავაკეთოთ, გლდანიდან ბავშვების სასეირნოდ ცენტრში ხომ არ გამოვა ადამიანი? ამიტომ, კარგი იქნება, თუ თბილისს ექნება როგორც ცენტრალური პარკი, ასევე ყველა უბანში იქნება რეკრიაციული ზონა – პატარა სკვერები და ბაღები”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, მისი თქმით, ის კერძო საკუთრებაა , თუმცა არაა გამორიცხული, რომ მისი ჩანაცვლება მოხდეს : „ეს კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების საგანია და ზუსტად ვერაფრეს გეტყვით, შეიძლება თუ არა ასეთ მეთოდით ტერიტორიის გამოსყიდვა, დეტალებში ვერ ვერკვევი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ თბილისს ცენტრალური პარკი ნამდვილად სჭირდება. მისივე თქმით, თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, რომ „ალექსანდრეს ბაღი” იქნებოდა ქალაქის ცენტრალური პარკი, მაგრამ მერე ვნახეთ, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდა ეს პარკი.: „შემდგომ ეს ფუნქცია უნდა აეღო მთაწმინდას, მაგრამ ესეც ვერ და არ მოხდა, შემდგომ საუბარი იყო ვაკის პარკზე, მაგრამ ეს იდეაც ვერ განხორციელდა და დღეს რეალურად თბილისი ამ მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია. გამოსავალს ვერ ვხედავ და ვერც წარმომიდგენია, რომ დღეს ან უახლოეს წლებში თბილისს ცენტრალური პარკი ექნება. ამის სურვილი ხელისუფლებას არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს”, – აღნიშნა ბუღაძემ.

რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, ბუღაძის თქმით, ეს ადგილი პრაქტიკულად, ათვისებულია და იქ ცენტრალური პარკის გაშენება ვერ მოხდება.

არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძეც თვლის, რომ თბილისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცენტრალური პარკი: „დღეს ასეთ პარკად ვაკის პარკი კი მოიაზრება, მაგრამ მან ბევრი თვისება დაკარგა. საერთოდ, თბილისს რაც უფრო მეტი პარკი და სკვერი ექნება, კარგი იქნება. ცენტრალური პარკი კი აუცილებელია”, – განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე იყო საუბარი, რომ ცენტრალურ პარკი რიყის ტერიტორიაზე გაშენებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, ვარდოსანიძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ცენტრალური პარკი იქ გაშენებულიყო: „მართალია, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია ახლა კერძო საკუთრებაა, მაგრამ გამოსყიდვაც შეიძლება. თავის დროზე, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილიც კერძო საკუთრება იყო და ქალაქის მთავრობამ გამოისყიდა. ჩვენს შემთხვევაში ეს როგორ მოხდება არ ვიცი, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა“, – განუცზადა „კომერსანტს” ვარდოსანიძემ.

თბილისს რომ ცენტრალური პარკი უნდა ჰქონდეს, პოეტი დავით მაღრაძეც ეთანხმება, თუმცა კონკრეტულ ადგილს, თუ სად უნდა გაშენდეს ასეთი რეკრეაციული ზონა, ვერ ასახელებს: „თბილისს ნამდვილად სჭირდება ცენტრალური პარკი და კარგი იქნება, თუ ასეთი ადგილი გვექნება”, – ამბობს მაღრაძე.

ცენტრალური პარკი ევროპისა და მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქშია. ცენტრალურ პარკების განვითარებაზე ევროპის პატარა ქალაქების ხელმძღვანელებიც კი აქტიურად ზრუნავენ. მაგალითად, გერმანიაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი პატარა ქალაქი, სადაც პატარა სკვერებთან ერთად, შედარებით დიდი მასშტაბის რეკრიაციული ზონა რომ არ იყოს.

ქვემოთ გთავაზობთ ევროპის კონტინენტის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში გაშენებულ ცენტრალურ პარკებს.

ბერლინის ცენტრალური პარკი, სადაც ზოოპარკის ტერიტორიაც შედის, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ის 210 ჰექტარზეა გადაჭიმული „ცუოლოგიშე გართენ” ბერლინელებისა და მისი სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დასასვენებელი და გასართობი ადგილია.

ლონდონის ჰაიდ-პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პარკი, რომელიც ლონდონის სამეფო პარკადაა მიჩნეული. იგი ორადაა გაყოფილი. პარკი ესაზღვრება კენსინგტონის . ჰაიდ პარკს უჭირავს 142 ჰექტარი ტერიტორია და კენსინგტონის ბაღებს უჭირავს 111 ჰექტარი, რაც მთლიანად 253 ჰექტარს შეადგენს. სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარკის გარეთ, მდებარეობს ჰაიდ პარკის კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ორი პარკი შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს, კენსინგტონის პარკები იხურება შებინდებისას, მაგრამ ჰაიდ პარკი ღია რჩება მთელი წლის მანძილზე დილის 5 საათიდან შუაღამემდე.

ბუენ რეტიროს პარკი ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის ცენტრალურ ნაწილშია და ის 120 ჰექტარზეა გადაჭიმული. რეტიროს უზარმაზარ პარკში მოწყობილია სხვადასხვა გზა, ხეივანი, რამდენიმე შადრევანი (მათ შორის დაცემული ანგელოზის), დგას უნიკალური თაბაშირის ქანდაკებები, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია დეკორატიული ნაწილი, მოწყობილია ღია კაფეები, ქუჩის მუსიკოსები დიდებულად ასრულებენ ძირითადად ესპანურ და ფრანგულ მელოდიებს. რეტიროს პარკს რამდენიმე შესასვლელი აქვს და შესაბამისად, პარკში მოხვედრა ქალაქის სხვადასხვა მხრიდან მარტივად არის შესაძლებელი.

ვილა ადა, ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა იტალიის დედაქალაქ რომში, რომელიც 182 ჰექტარზეა გადაჭიმული და ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სიდიდით მეორე პარკია ვილა ბორგესი, რომელსაც 80 ჰექტარი უჭირავს.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცენტრალური პარკი უნგრეთის დედაქალაქშია.ბუდაპეშტის მთავარი პარკი – ვაროშლოგეტი 120 ჰექტარზეა გადაჭიმული. იქ განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი”. სეჩენის აბანო ევროპაში ყველაზე დიდია, აგებულია ნეობაროკოს სტილში და წყალს ორი განსხვავებული თბილი მინერალური წყაროსგან იღებს.

როიალ ლაჟენიკი – ასე ეწოდება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ცენტრალური პარკს. ის ქალაქის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა, მდებარეობს ვარშავის ცენტრში და გადაჭიმულია 76 ჰექტარზე.

დასასვენებელი და გასართობი პარკების სიმრავლით გამოირჩევა რუსეთის დედაქალაქიმოსკოვი. იქ საშუალო და დიდი ზომის დაახლოებით 35 პარკია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გორკის სახელობის ცენტრალური პარკია, რომელიც ქალაქიც ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და 219,7 ჰექტარზეა გადაჭიმული. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარდა რეკრეაციული ზონისა, რამდენიმე ათეული გასართობი, დასასვენებელი და კვების ობიექტია განთავსებული.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ცენტრალური პარკი ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაშია. ცენტრალური პარკია ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში დ ა.შ. ყველაზე დიდი კი თავისი მასშტაბით არის ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, რომელიც 341 ჰექტარზეა გადაჭიმული. მას ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პარკი ნიუ-იორკ სიტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. პარკის პროექტი ეკუთვნის ფრედერიკ ლოუ ოლმსტედსა და კალვერტ ვოქსს, რომელმაც მოგვიანებით ასევე შექმნა ბრუკლინის პროსპექტ პარკი.

მიუხედავად იმისა, რომ პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ის ფაქტობრივად მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და შეიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, ორ საციგურაო მოედანს, საცხოველესა და მინდვრებს სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის და ბავშვების სათამაშოდ. პარკი პოპულარული ოაზისია მიგრაციული ფრინველებისთვის, და შესაბამისად პოპულარულია ფრინველთა მოთვალთვალეთათვისაც. 10 კმ სიგრძის ველოსიპედის ბილიკი პარკის პერიმეტრზე პოპულარულია მორბენალთა, ველოსიპედისტთა და სკეიტერებისთვის, განსაკუთრებით უქმე დღეებში და საღამოს 7-ის შემდეგ, როდესაც საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.

რაც შეეხება თბილისს, ის ევროპის და არა მარტო ევროპის ერთადერთი დედაქალაქია, რომელსაც ცენტრალური პარკი არ გააჩნია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და დღემდე დედაქალაქში მთავარი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ტერიტორია ვერ გამოძებნა. დღესაც თბილისის მერია მოქალაქეების მოთხოვნაზე, რომ ცენტრალური პარკი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდეს, რატომღაც დუმს. მერიაში აღნიშნული ფართის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვის საკითხიც დახურულია.

არადა, ცენტრალური პარკის გაშენება არ არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მოთხოვნა, ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ვთვლით, რომ მერიამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თბილისს მთავარი პარკი ჰქონდეს. ეს არის ხალხის დაკვეთა და მისი შესრულება სწორედ რომ „არჩეულების” მოვალეობაა.

წყარო: commersant.ge