01/03/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისიდან – კახეთის, ყაზბეგისა და დასავლეთის მიმართულებით ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე საპირფარეშოები მოეწყობა

საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა – თბილისიდან – კახეთის, თბილისიდან – ყაზბეგის და თბილისიდან – დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები – გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჩოგივაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია – შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

„ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში იქნება განლაგებული“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგიონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.

ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.