01/03/2024
Latest:
საზოგადოება

„საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას, არც ერთ წევრ სახელმწიფოს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს“

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა”, – აღნიშნა მოგერინიმ.

მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. „ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს”, – განაცხადა მოგერინიმ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, “საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას და არც ერთ წევრ სახელმწიფო საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს”. “ეს იყო ყველაზე პოზიტიური შეხვედრა. სავარაუდოდ, საბჭოშიც და პარლამენტშიც ერთდროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

“არიან წევრები, რომლებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები აღელვებთ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამბობენ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით, უაღრესად პოზიტიური იყო. სამწუხაროდ ე.წ.”დედლაინები” არ გვაქვს, მაგრამ ადრეული შემოდგომა – მე ასე მგონია”, – განაცხადა ლატვიელმა დიპლომატმა, ედგარს რინკევიჩსმა.

წყარო: PolitCommersant